იმის გასარკვევად, იციან თუ არა კანონებში და სამართლებრივ აქტებში ხშირად გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა დეპუტატებმა, “გურია ნიუსს” არა ერთი გამოკითხვა ჩაუტარებია. ამჯერად, ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატებს, 31 მარტს გამართულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს ვკითხეთ, იცოდნენ თუ არა, რას ნიშნავდა “დელეგირებული უფლებამოსილება”.
ამ კითხვამ ხალხის რჩეულებში დაბნეულობა გამოიწვია _ ზოგი დაგვემალა, ზოგმაც პასუხი არ გაგვცა… დანარჩენი დეპუტატების განმარტებებს უცვლელად გთავაზობთ:
არჩილ სიხარულიძე, “ნაციონალური მოძრაობა”: “რატომ მეკითხებით? რა შეკითხვაა? არ გაგცემთ პასუხს”.
მამია ბარამიძე, “ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობა”: “ტრანსფერს რომ მოგცემს ზემოდან და რაზეც რომ გინდა, იმაზე დახარჯავ!”
კოკა მდინარაძე, “ქართული ოცნება”: “არ შემიძლია, ამ კითხვაზე პასუხი გაგცეთ”.
ვლადიმერ სიხარულიძე, “ქართული ოცნება”: “სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ ფუნქციებს თავისი თანხით”.
მალხაზ ჩხიკვაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: “მთავრობა ცენტრალური ხელისუფლების მიერ შესასრულებელი რაც არის, იმის დელეგირებას ახდენს, რომელსაც მოაყოლებს შესაბამის ანაზღაურებას”.
რომან ჯულაყიძე “პატრიოტთა ალიანსი”: “შეწყვეტილ თანხას”.
დავით ვაჩეიშვილი, “ქართული ოცნება”: “გამოყოფილ თანხას”.
მაია პაიჭაძე, “ქართული ოცნება”: “ასეთ მარტივ კითხვებზე პასუხს არ ვცემ. მე საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ვარ და უფრო რთული კითხვები დამისვით”.
მარინა ბერაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი: “დელეგირებული უფლებამოსილება სახელმწიფო ხელისუფლების მიერ უფლებამოსილების გადაცემაა კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი მატერიალური თუ ფინანსური უზრუნველყოფით.”
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დიმიტრი კორიფაძემ და “ქართული ოცნების” წევრმა კობა კალანდაძემ. “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, გოდერძი გოგიშვილმა გვითხრა, რომ არ გვიპასუხებდა, რადგან ჩვენზე ნაწყენი იყო:
“ადრინდელი წყენა მაქვს. მე თქვენთან მინდოდა ინტერვიუ სხვანაირად გამეკეთებინა (?!) და ეს არ გააკეთეთ თქვენ. ახლა კი, არ გიპასუხებთ, ვიცი თუ არა”.
ამ შეკითხვის დასმა ყველა დეპუტატისთვის გვსურდა, მაგრამ, სხდომაზე გამოცხადებული 15-წუთიანი შესვენება რამდენიმე დეპუტატისთვის ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა _ თითქმის 40 წუთი ველოდეთ დერეფანში სხდომიდან გასულ დეპუტატებს: მაია გიორგაძეს, მანანა მინდაძეს, ქეთევან სიხარულიძეს და ლაშა თოლორდავას, თუმცა, უშედეგოდ _ ისინი მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც შესასვლელი დავტოვეთ და თვალს მივეფარეთ, ხოლო სხდომის დასრულების შემდეგ, ისე მალე დატოვეს დარბაზი, რომ კითხვის დასმის შესაძლებლობა არ გვქონოდა.
რაც შეეხება კითხვის პასუხს _ ამ კითხვის პასუხი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც შესაძლებელია იპოვოთ და განმარტებით ლექსიკონშიც:
“უფლებამოსილებათა დელეგირება ნიშნავს სახელმწიფო ორგანოთა მიერ მუნიციპალიტეტისთვის მათ ხელთ არსებული უფლებამოსილების ნაწილის გადაცემას, ანუ თვითმმართველობისთვის უფლების მინიჭებას, მიიღოს და აღასრულოს გადაწყვეტილება დამატებით იმ საკითხებზეც, რომლებიც სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობის უფლებამოსილების ნაწილია.
უფლებათა დელეგირებისას ხდება არა ფუნქციების, არა საკითხების, არამედ მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღებასა და აღსრულებაზე უფლება-მოვალეობათა გადაცემა. ამიტომაც, უფლებათა გადაცემისას შესაბამისი საკითხი არ კარგავს სახელმწიფო მნიშვნელობას, რაც განსაზღვრავს კიდეც გადაცემული უფლებების გახორციელების სპეციფიკას.”
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლება-მოვალეობა არის სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს უფლება, რომელიც მუნიციპალიტეტს გადაეცა კანონის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფით”.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლებამოსილების დელეგირების პრინციპებს განეკუთვნება: მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფის (კომპენსაციის) პრინციპი; დელეგირებულ უფლებამოსილებაზე ადმინისტრაციული კონტროლის დაშვების პრინციპი; სოლიდარული პასუხისმგებლობის პრინციპი; მოქმედების თავისუფლების პრინციპი; ურთიერთშეთანხმების პრინციპი.