ამერიკაში, ტექსასის შტატში არსებულ იესო ქრისტეს სახელობის დედათა მონასტერში 11 მარტს საქართველოში დაწერილი წმ. შუშანიკის ხატი დააბრძანეს. წირვის შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს ლანჩხუთელი თემურ ჯიბლაძის სახელზე, რომლის ხსოვნასაც უკავშირდება ამ ხატის დაწერის ისტორია.
თემურ ჯიბლაძის შვილი, ეკა ჯიბლაძე წლებია ამერიკაში, ტექსასის შტატში ცხოვრობს. იგი პროფესიით ექიმია და საქველმოქმედო კლინიკაში მუშაობს. პარალელურად, სადოქტოროს დაცვისთვის ემზადება და თვლის, რომ ეს მეტ შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს კეთილი და მადლიანი პროექტები. ეკას მეუღლე, ქრის სედაკი კი ამერიკის ფედერალურ მთავრობაში საფინანსო სფეროს ექსპერტ-ანალიტიკოსად მუშაობს. წყვილს ოთხი წლის ტყუპები _ ელენე და ნიკოლოზი ჰყავთ. მთელი ოჯახი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან და ხშირადაც ესწრებიან წირვა-ლოცვებს იქაურ მართლმადიდებლურ ტაძარში.
“იესო ქრისტეს სახელობის დედათა მონასტერში, რომელიც ტექსასის შტატშია, ამერიკაში სტუმრობისას, რამდენჯერმე დედა და მამაც იმყოფებოდნენ. იქ ერთი მორჩილი გავიცანით, რომელიც, როგორც შემდეგ გავიგე, მონაზვნად იმ დღეს აღკვეცეს, რომელ დღესაც მამა გარდაიცვალა.
14 იანვარს მთელი ოჯახი ამ მონასტერში ვიყავით და გარდაცვლილი მამის, თემურ ჯიბლაძის სახელზე პარაკლისი შევუკვეთეთ. იღუმენია ბარბარემ მითხრა, რომ მორჩილს უკვე დედა შუშანიკი ჰქვია, თან სურვილიც გამანდო _ “ძალიან მინდა, საქართველოში შეძენილი წმ. შუშანიკის ხატი გვქონდეს ეკლესიაში. იქნებ ვებგვერდი იცი, რომ შევუკვეთო ან საეკლესიო მაღაზია ამერიკაში, სადაც შეიძლება ხატის ყიდვაო”, _ იხსენებს ეკა ჯიბლაძე, რომლის თქმითაც, იღუმენიას სიტყვები მზის გამონათებასავით იყო მისთვის, რადგან მანამდე თავში გამუდმებით უტრიალებდა აზრი, რაღაც გაეკეთებინა მამის სამარადისო ხსოვნისთვის.
ეკა და მისი ოჯახი მეგობრობს ქალაქ დალასის წმ. სერაფიმეს სახელობის მართმადიდებლური საკათედრო ტაძრის მოძღვართან, არქიმანდრიტ გერასიმესთან, რომელიც სამხრეთ ეპარქიის ადმინისტრატორია და სინოდის მიერ მომავალ მეუფედაა დასახელებული, რომელიც უკვე ოთხჯერ იყო ჩამოსული საქართველოში. ბოლოს მამა გერასიმე წინა წლის ოქტომბერში ლანჩხუთშიც იყო ჩამოსული, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში ავიდა და ჯიბლაძეების ოჯახშიც იყო თემურის მოსანახულებლად. ეკას თქმით, არქიმანდრიტ გერასიმეს ძალიან უყვარს საქართველო და უსასრულოდ შეუძლია ისაუბროს, როგორი დიდებული ქვეყანაა იგი.
„როგორც კი იღუმენიამ სურვილი გამანდო, მაშინვე დავუკავშირდი არქიმანდრიტ გერასიმეს და მე და ქრისმა კურთხევა ვთხოვეთ. მანაც დაგვლოცა. ზუსტად იმ დღეს მეგობარმა დამირეკა, რომ საქართველოში მიდიოდა და უკან 22 თებერვალს ბრუნდებოდა. ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო ჩემთვის, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა. 14 იანვრიდან 22 თებერვლის შუალედში უნდა მომესწრო ყველაფერი. მთელი ჩემი სამეგობრო ჩაერთო საქმეში, მაგრამ ხატი ვერსად ვიშოვეთ. ღვთის ნებით, ვიპოვეთ ხატმწერი, რომელიც დაგვპირდა, რომ 10 თებერვლამდე დაწერდა ხატს. ძალიან ვჩქარობდით, რამდენიმე დღე კულტურის სამინისტროდან ნებართვის მიღებას სჭირდებოდა. თუმცა, უფლის წყალობით, ყველაფერი მოესწრო და ხატი ამერიკაში ჩამობრძანდა”, _ ამბობს ეკა ჯიბლაძე.
მისივე თქმით, ხატი ამერიკაში წაბრძანებამდე დაბრძანებული იყო მეტეხის ტაძარში, წმინდა შუშანიკის საფლავზე, სადაც პარაკლისი გადაიხადეს. ხატმა, ასევე, მოილოცა წმ. აბო თბილელის და ასი ათასი მოწამის ეკლესიები. სიონის ტაძარი, წმინდა იოანე მანგლელის საფლავი. ბოლოს კი მამა ვიტალის (სიდორენკოს) საფლავი. ამ წმინდა ადგილებზე მოლოცვის შემდეგ, ხატი ჩაბრძანდა ლოს ანჟელესში, იქედან კი დალასში, წმ. სერაფიმეს სახელობის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა გერასიმემ აკურთხა, რამდენიმე დღე იქ იყო დაბრძანებული ხატი.
“აქ ყველამ გაიგო ხატის დაწერის ისტორია. 11 მარტს კი ხატი მონასტერში თითონ მოძღვრებმა ააბრძანეს. წირვის შემდეგ პარაკლისი გადაიხადეს თემურ ჯიბლაძის სახელზე. მოძღვარმა, ქადაგებაში ისაუბრა ხატის ისტორიის შესახებ და თქვა, რომ: „ეს ხატი არის სიმბოლო ჩვენი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კავშირის და მეგობრობის.
საოცრად ემოციური იყო, როცა მლოცველებით სავსე მონასტერში, ყველას თემურის სახელზე ანთებული სანთელი ეჭირა ხელში. ბოლოს კი ხალხი მოდიოდა და ფოტოს იღებდა ხატთან”, _ იხსენებს ეკა, რომელიც თვლის, რომ კიდევ ბევრი სიკეთე აქვს გასაკეთებელი მამის ხსოვნის უკვდავსაყოფად.