მაკედონიის დედაქალაქში ასობით ადამიანი მაწანწალა ძაღლების მოწამვლის გახშირებული შემთხვევების გასაპროტესტებლად შეიკრიბა. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გასულ თვეს სხვადასხვა ქალაქებში ასობით ძაღლი დაიღუპა, რამაც ცხოველთა კეთილდღეობის დამცველი ჯგუფების შეშფოთება გამოიწვია.
ცხოველების დამცველი ორგანიზაცია „ANIMA MUNDI“-ის წარმომადგენლის, რადმილა ფეშევას განცხადებით, შხამი ადვილად მოიპოვება ბაზარზე, რის გამოც მისი გაყიდვა სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, ხოლო მაწანწალა ძაღლების მოწამვლა კი დასაჯოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მაწანწალა ცხოველების მასიური მოწამვლა დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო,მას შემდეგ, რაც ძაღლების თავდასხმის შედეგად 4 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, ბიჭის სიკვდილმა სოციალურ ქსელში მაწანწალა ძაღლების წინააღმდეგ მწვავე გამოხმაურება გამოიწვია.