ვარდის გამრავლების ერთი ყველაზე მარტივი და გამართლებული მეთოდია მისი კალმით დაფესვიანება, რომელიც შუაგულ ზაფხულშიც შედეგისმომცემია, თუმცა, უმჯობესია, საქმეს გაზაფხულზევე შეუდგეთ, როცა მზე უხვად იფრქვევა, სითბო მატულობს და დღე დიდდება.
ავჭრათ 25-30 სმ სიგრძის, სასურველი ვარდის ტოტები.
წვერო ჰორიზონტალურად გადავჭრათ. ზედა კვირტი წვეროსთან 6-7 მმ მანძილით მაინც უნდა იყოს დაშორებული. ღეროს ბოლო ნაწილი ირიბად გადავჭრათ. სულ ტოტზე 6-8 კვირტი უნდა დავტოვოთ, ასევე, უნდა დავუტოვოთ ორი-სამი ცალი ქვედა ფოთოლი, რომლებსაც ნახევარ ნაწილს მაკრატლით წავაჭრით.
დავაკვირდეთ ეკლებს, რომელიც ყველა ვარდს აქვს და ბასრი დანით ფრთხილად ამოვჭრათ. ძალიან არ ამოვაღრმავოთ. კვირტებიც არ დავაზიანოთ. შემდეგ ასე მომზადებული ტოტები ჩავაწყოთ ქილაში, რომელშიც წყლის სიმაღლე 2 სმ უნდა იყოს.
ღეროები ისე ჩავალაგოთ, რომ ერთმანეთს არ ეხებოდეს. დავდგათ ეს ქილა მზიან ფანჯარასთან ან ოთახის ისეთ განათებულ ნაწილში, სადაც მზე ადვილად მიწვდება დღის რომელიმე მონაკვეთში მაინც. მთავარი საზრუნავია, დავაკვირდეთ წყალს ქილაში და როცა მისი დონე ოდნავ დაიწევს, ისევ შევავსოთ იმავე სიმაღლემდე, ოთახის ტემპერატურის წყლით. მაქსიმუმ ორი კვირის შემდეგ (ათი დღე მაინც უნდა იყოს ქილაში), ვარდის ღეროები გადავიტანოთ ღია გრუნტში, სადაც აუცილებლად უნდა დავახვედროთ კარგად მომზადებული, განოყიერებული ნიადაგი. მომდევნო ათი დღის ვადაში ჩვენ ვნახავთ, რომ უკლებლივ ყველა კვირტი გაიშლება, მოხდება ნაზარდების კიდევ უფრო გამოტანა.
გაითვალისწინეთ ამინდის მდგომარეობა. ამ ყველაფერს თუ აპრილის შუა რიცხვებიდან შეუდგებით, ნაკლებად დაგჭირდებათ კალმების გადახურვა, განსაკუთრებით ღამით. მომდევნო წელს კი უკვე დაფესვიანებული ვარდები გექნებათ.
ეს მეთოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზაფხულში, ისე შემოდგომაზე. არ დაგავიწყდეთ მორწყვა _ ამის საჭიროებას უფრო მცენარე და მისი მდგომარეობა გიკარნახებთ.