როცა მცენარეთა კვირტის დაბერვის ფაზა იწყება, ამის შემდეგ ძალიან კარგია, მოვახდინოთ “ცისფერი წამლობა”, სამპროცენტიანი ბორდოული სითხით, როგორც თესლოვანი, ისე კურკოვანი კულტურების მავნებელ-დაავადებათა ნიშნების გამოჩენისთანავე.
გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში შესაძლებელია შხამ-ქიმიკატების ნაცვლად გამოვიყენოთ ზოგიერთი მცენარისგან დამზადებული ნაზავი.
ეს მცენარეებია: კარტოფილი, პომიდორი, აბზინდა, გვირილა, თამბაქო, წითელი წიწაკა, თავიანი ხახვი, მდოგვი და მრავალი სხვა.
ორ კილოგრამ კარტოფილის მწვანე, მიწისზედა მასას დავასხათ ათი ლიტრი წყალი და დავდგათ ნახევარი დღის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ. შევასხუროთ ტკიპებით დაზიანებულ მცენარეებს.
ოთხ კილოგრამ დაქუცმაცებულ პომიდვრის მწვანე ფოთლებს და ღეროებს თუ ვეგეტატიურ ნაწილებს დავასხათ 10 ლიტრი წყალი. წამოვადუღოთ 15-20 წუთის განმავლობაში. ნახარში გაგრილების შემდეგ გავწუროთ და 2 ლიტრს შევურიოთ 10 ლიტრი წყალი. საუკეთესოა ბუგრების და ფოთლიჭამიების წინააღმდეგ.
ორ კილოგრამ ნედლ, დაქუცმაცებულ აბზინდას დავასხათ 5 ლიტრი წყალი. დავდგათ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ. ეს ნაზავი ძალიან კარგია მუხლუხოსებრი მატლების წინააღმდეგ.
გვირილის ფოთლები და ყვავილები ერთად, ავიღოთ ერთი კილოგრამის ოდენობით, 10 ლიტრი წყალი დავასხათ და დავდგათ ერთი დღის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ. დავამატოთ წყალი. ნაყენი მუსრს ავლებს ტკიპებს, ბუგრებს.
თამბაქოს და წეკოს, ასევე სხვა ნარჩენებს, რაც დამზადების დროს დაცვივდება, 400 გრამს დავასხათ ათი ლიტრი წყალი და დავდგათ ერთი დღით. შემდეგ ვადუღოთ ორი საათის განმავლობაში. გავწუროთ და დავამატოთ იმდენივე წყალი, რამდენიც იქნება ნაყენი. ჩავახეხოთ 40 გრამი საპონი. კვლავ დავდგათ და როცა აქაფდება, შემდეგ შევასხუროთ მცენარეებს. ანადგურებს ბუგრებს, ტკიპებს, მუხლუხოებს.
დაიხსომეთ _ შესხურება მშრალ მცენარეებზე, უქარო ამინდში, დარში უნდა მოხდეს.