დღეისთვის გურიაში შემოჭრილია საშიში საკარანტინო მავნებელი _ მარმარა ბაღლინჯო, რომელიც სერიოზული განადგურებით ემუქრება ჩვენს მრავალფეროვან ფლორას. შავიზღვისპირა სანაპირო ზოლში (აფხაზეთი, სამეგრელო, აჭარა, გურია) შემოჭრილი ამ პოლიგაფისთვის ძალიან ხელსაყრელი აღმოჩნდა ჩვენი მდიდარი ფლორა. ის კარგად ვითარდება სხვადასხვა დეკორატიულ, ტექნიკურ, ბოსტან-ბაღჩის და სხვა ნაყოფმომცემი მცენარეებით გაშენებულ გარემოში.
მავნებელი მარმარა ბაღლინჯო ძალიან ჰგავს ჩვენში გავრცელებულ ე. წ. “სუნიან ბუზს”. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა: ჩინეთი, იაპონია, კორეის ნახევარკუნძულის ქვეყნები, ტაივანი და ვიეტნამი.
მარმარა ბაღლინჯო აქტიურად გავრცელდა აშშ ტერიტორიაზე 2014 წელს და უკვე აღნიშნულია 34 შტატში, აგრეთვე კანადის სამხრეთ პროვინციებში. ბაღლინჯო 2010 წელს აღინიშნა შვეიცარიაში და ახალ ზელანდიაში. ინგლისში ის იპოვეს საჰაერო ტრანსპორტის ტვირთებში.
2014 წელს აღნიშნული მავნებელი გამოჩნდა სოჭის რეგიონში და შემდეგ კი, დღეისთვის უკვე შემოაღწია საქართველოში _ აფხაზეთში, სამეგრელოსა და აჭარა-გურიის ტერიტორიაზე.
მარმარა ბაღლინჯოს სხეული მსხლისებური ფორმისაა, ზომით 12-17 მმ. მისი ფერი მოყავისფროა, მუცლის მხრიდან მოთეთრო, ბაცი ყავისფერი, ზოგჯერ ნაცრისფერი ან შავი ელფერით. ფეხები ყავისფერი, ულვაშების ბოლო სეგმენტები თეთრი დაბოლოებებით.
მარმარა ბაღლინჯო აპრილში, უფრო მეორე ნახევარში, გამოდის მეზამთრეობიდან, ეძებს მასპინძელ მცენარეს დამატებითი კვებისთვის, რომელიც გრძელდება ერთი-ორი კვირა. დედალი ბაღლინჯო ფოთლის ქვედა მხარეს დებს თეთრ, ბურთისნაირ კვერცხებს, 20-30 ცალს.
2016 წელს მეცნიერებმა ნ. კარპუნმა და ვ. პროცენკომ თავისი მონაცემებით დაადგინეს, რომ ეს ბაღლინჯო სოჭის რეგიონში სამ თაობას ავითარებს. პირველი თაობა მაისის პირველი დეკადიდან ივნისის მეორე-მესამე დეკადამდე ვითარდება, მეორე თაობა _ ივნისის მეორე-მესამე დეკადიდან აგვისტოს პირველ დეკადამდე, ხოლო მესამე _ აგვისტოს პირველი დეკადიდან ოქტომბრის პირველ დეკადაში. შემდეგ ზრდასრული ფორმა (იმაგო) გადადის ზამთრის დიაპაუზაში (მოსვენება). ამ დროს ის არ იკვებება.
ახალგამოჩეკილი მატლები გაივლის ხუთ ხნოვანებას. ისინი ყველა სხვადასხვა ფერისაა _ მოყვითალო წითელიდან მოშავო ფერამდე. ბოლოს კი მოყავისფრო-მოთეთრო. მათგან მცენარეთა დაზიანების ფორმები სხვადასხვაა. ახლა ჩვენს პირობებში (გურია ) მიმდინარეობს დაკვირვება დაზიანების ხასიათსა და რიცხოვნობაზე, ბიოლოგიის საკითხებზე და მასთან ბრძოლის ღონისძიებებზე.
ბაღლინჯო ადამიანებისთვის იძლევა სერიოზულ დისკომფორტს. ის გამოყოფს ძალზე არასასიამოვნო სუნს, რითაც ადვილი შესაძლებელია, გამოიწვიოს ალერგიული ფონი, ხოლო დაზამთრებისას მიისწრაფის შენობებში შესასვლელად, რათა ზამთარი გაატაროს თბილ გარემოში. ჩვენი დაკვირვებით, ის იმდენად სითბოს მოყვარული მწერია, რომ დიდი რაოდენობით იღუპება არამარტო ბუნებაში, არამედ სახლებში დაბინავების დროსაც, რადგან ოთახში შედარებით კი თბილა, მაგრამ ზამთრის პერიოდში მაინც დაბალია შენობის შიდა ტემპერატურა, რასაც ის ვერ უძლებს.
ზამთრის პერიოდში მზიანი და თბილი საათების პერიოდში, ზოგჯერ ბაღლინჯო გამოდის სათავსოდან და ფანჯრის გასწვრივ მოძრაობს.
მავნებლის რიცხოვნობის ზრდის შემთხვევაში, როცა ხდება მისი მასობრივი “აფუთქარება”, აუცილებელია ქიმიური მეთოდის გამოყენება _ კარატე MKC- ათ ლიტრ წყალში 4 მლ ინსექტიციდი, ერთჯერადი დამუშავება ზრდასრულ ფორმებზე; ტოლსტარი KE ან კლიპერი ათ ლიტრ წყალზე 6 მლ ინსექტიციდი, ერთჯერადი დამუშავება ზრდასრულ ფორმებზე.
ბიოლოგიური პრეპარატი _ სოკოვანი შტამი beauveria bassiana ეფექტურია მხოლოდ მატლებსა და იმაგოზე. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ახლა, გაზაფხულის პერიოდში, როცა მისი პირველი თაობა ვითარდება. შესაძლებელია ამან გამოიწვიოს შემდეგი თაობის რიცხოვნობის შემცირება და ამით ავიცილოთ ზედმეტი დანახარჯები.
შენობებში მავნებლის მოსაგროვებლად შეიძლება გამოვიყენოთ მტვერსასრუტი, რომლის დახმარებით ადვილია მათი თავმოყრა, მერე დახოცვა და ბოლოს დაწვა. შესაძლებელია, ასევე, გამოვიყენოთ ცოცხი და სხვა საშუალებებიც, რითაც შევძლებთ, მავნებლების მოგროვებას.
ანგელინა ნიკოლაიშვილი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათააკადემიური დოქტორი