აშშ-მა ყველაზე ძლიერი არაატომური ბომბი 13 აპრილს პირველად გამოიყენა. მისი სამიზნე ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინციაში ISIS-ის მიწისქვეშა გვირაბები იყო.
როგორც BBC წერს, არაატომური ბომბის გამოყენებას აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ნებართვა არ სჭირდება.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბომბმა ISIS-ის 36 მებრძოლი იმსხვერპლა და ოთხი მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურა. შემთხვევის შედეგად სამოქალაქო პირები არ დაშვებულან.
რა არის „ყველა ბომბის დედა“ (MOAB)
არაატომური ბომბი, რომელიც აშშ-მა ავღანეთში ISIS-ის მებრძოლების წინააღმდეგ გამოიყენა, „ყველა ბომბის დედის“ სახელით არის ცნობილი. მისი სიგრძე 9 მეტრია და 9 800 კილოგრამს იწონის. იმართება ჯიპიესით.
ბომბი ალუმინის თხელი გარსით არის დაფარული და შექმნილია აფეთქების რადიუსის მაქსიმალურად გასაზრდელად, ასევე მიწისქვეშა ობიექტებისა და გვირაბების გასანადგურებლად.
როდის შეიქმნა ბომბი
იარაღი ერაყის ომში გამოყენების მიზნით შეიქმნა. პირველად, 2003 წელს გამოსცადეს, თუმცა 2017 წლის 13 აპრილამდე არ გამოუყენებიათ.
ჟურნალ TIME-ის ინფორმაციით, არაატომური ბომბი GBU-43-ის ღირებულება 16 მილიონი დოლარია.
BBC-ის ცნობით, GBU-43 არ არის ყველაზე მძიმე არაატომური ბომბი, რომელსაც აშშ-ის სამხედრო სისტემა ფლობს. აშშ-ის საკუთრებაშია კიდევ ერთი ძლიერი ბომბი, რომლის საერთო წონა 13 ათასზე მეტი ტონაა.
რამდენი ასეთი ბომბი აქვს აშშ-ს
ჟურნალ TIME წერს, რომ აშშ-ის სამხედრო უწყების ცნობით, ქვეყანა 20 ასეთ ბომბს ფლობს, რომელთა წარმოებაშიც, ჯამში 314 მილიონი დოლარი დაიხარჯა.
რა ზიანის მიყენება შეუძლია „ყველა ბომბის დედას“
Economictimes წერს, რომ აშშ-ის მიერ გამოყენებულ არაატომურ ბომბს შეუძლია მიწისქვეშ ბუნკერებსა და გვირაბებს დიდი ზიანი მიაყენოს. გარდა ამისა, მას შეუძლია დარტყმის ადგილიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ადამიანები იმსხვერპლოს, ხოლო უფრო ფართო რადიუსზე – ზიანი მიაყენოს შენობებს.
1tv.ge