როდესაც ზოგიერთი არა თუ არ ამხელს შემცოდეს, არამედ ხარობს კიდევაც მასთან ერთად – თვით შემცოდეზე უნაკლებესად როდი სცოდავს. “იხილე თუ მპარავი, თანაურბიოდე მას მეძავსა თანა დასდვი ნაწილი შენი”(ფსალმ. 42:18). აი, ყოველგვარი ბოროტების მიზეზი, რაც განსაკუთრებით ვნებს სათნოებებს და აუძლურებს კეთილმოშურნეობას. შემცოდემ შეიძლება თავი იმართლოს უკიდურესი შეჭირვებით, ან სიღარიბით, თუმცა ამდაგვარი თვითმართლება უსაფუძვლოა. მაშ, რატომ ამართლებ შენ მათ ნამოქმედარს, მითუმეტეს, რომ თავად, მათგან არავითარი სიამოვნება არ განგიცდია? შემცოდემ შესაძლებელია შეინანოს კიდევაც, შენ კი შენთვიაც და მისთვისაც სინანულის კარებს კეტავ, უარყოფ მკურნალობას, საკუთარ თავს ართმევ ნუგეშინისცემას, ყოველგვარ გზას იხშობ სინანულთან მისასვლელად. როდესაც ის იხილავს, რომ შენ, რომელსაც ცოდვაში მონაწილეობა არ მიგიღია და ვალდებული ხარ ამხილო, არა თუ არ ამხელ, არამედ მფარველობ კიდევაც, და არა თუ მფარველობ, შეეწევი კიდევაც, ან საკუთარ თავზე რაღას იფიქრებს ან მის მიერ ჩადენილი საქციელს როგორ შეხედავს?
არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად საკუთარი მოსაზრებით კი არ მსჯელობენ იმის შესახებ თუ რა აკეთონ, არამედ სხვათა შეხედულებებს უთანხმებენ თავიანთ ქმედებას. ამიტომაც, როდესაც შემცოდე ხედავს, რომ ყველამ ზურგი აქცია, მიხვდება, რომ უდიდესი ბოროტება ჩაიდინა; მაგრამ, თუ იხილავს, რომ სხვები არა თუ თავს არ გრძნობენ შეურაცხყოფილად და ზურგს არ აქცევენ, არამედ მორჩილად ითმენენ და მოწიწებითაც კი ეპყრობიან, დათრგუნავს საკუთარ სინდისს და მრავალთაგან მისი უსამართლობის შეწყნარების შემდეგ რას არ გაბედავს?
მაშ, როდისღა განსჯის საკუთარ თავს და როდის მიატოვებს ასე უშიშრად ცოდვის ჩადენას? მაშ, თუკი მანკიერება, მიუხედავად ესოდენი მხილებისა, ასე ჰყვავის, ხოლო ყოვლად საქებ სათნოებას ხალხი ძლივს თუ შედგომია, წარმოიდგინე რა მოხდებოდა საერთოდ რომ არ ყოფილიყო მხილება? რას სჩადი, ადამიანო? სჯული დარღვეულია, უბიწოება გათელილია, ამდენი ცოდვაა ჩადენილი მავანის მიერ, ყველაფერი დამახინჯებული და შერყვნილია და არა სწუხარ?
წინასწარმეტყველი უსულო სტიქიასაც კი მოუწოდებს იგლოვოს ყოველთა შეცოდება: “გაჰკრთა ამას ზედა ცა და განცვიბრდა უფროის ფრიად”(იერ. 2:12) და კიდევ: “იგლოოს ღვინომან, იგლოვოს ვენახმაც…” (“წყევამან შეჭამოს ქვეყანა, რამეთუ ცოდეს დამკვიდრებულთა მისთა“. ესაია 24:7, 6). გლოვობს უსულო ქმნილება, ოხრავს და მრისხანებს შემოქმედთან ერთად; შენ კი, გონიერო არსებავ, არ სწუხარ, არ ამხელ, საღმრთო სჯულდებებისთვის მრისხანე შურისმაძიებელი არ ხარ, და ჯერაც ცოდვილებთან ერთობას ბედავ? როგორღა მიიღებ მიტევებას? მართალია, ღმერთს შურისმაძიებელი და დამხმარე არ სჭირდება, მაგრამ მას ამ საქმეში შენი თანამსახურობა ნებავს, რათა თავად იგივე ცოდვაში არ შთავარდე, არამედ სხვაზე აღშფოთებული, უბიწო გახდე და მით შენი სიყვარული დაუმტკიცო უფალს. როდესაც გვერდს უვლი ცოდვის ჩადენას, არ ამხელ და არ სწუხარ, უდარდელობისკენ მიგყავს შენი სული, რომელიც ამით ცოდვისადმი მიდრეკილი ხდება და ამზადებ მას ჩაიდინოს იგივე ცოდვა რასაც თვალი მოუხუჭე. ამიტომაც, უადგილო შემწყნარებლობით აზიანებ შენს სულს, აწმყოს ხდი მისთვის უზრუნველად და უმძიმებ მომავალ პასუხგებას. და ეს ეხება არა მხოლოდ მპარავთ, არამედ ყოველგვარ შეცდომას.
ცოდვათა მხილება სავალდებულოა, ჰომილიიდან 49-
წმინდა იოანე ოქროპირი