გურიაში ახლახან მომხდარ სტიქიას, თან დაემატა საგაზაფხულო წაყინვის ეტაპი, რამაც მძიმე კვალი დატოვა ვენახსა და ხეხილოვანებზე, ბოსტნეულ ნათესებზე.
_ ძალიან რთული მდგომარეობაა, ვაზი, როგორც მცენარე კი გადარჩა, თუმცა ყურძნის მოსავალი წელს უმცირესი იქნება, _ გვეუბნება მევენახეობის დარგის სპეციალისტი ანდრო ვაშალომიძე, _ თვითონ მცენარეს საფრთხე არ ემუქრება, წამოვა გვერდითი კვირტები. თუმცა, მოსავალზე ეს ყინვა ძალიან იმოქმედებს. ძალზე უჩვეულო მოვლენაა ეს დასავლეთ საქართველოსთვის. ბუნება იმდენად შეცვლილია, რომ მუდამ ფხიზლად უნდა ვიყოთ. ახლა არც ასეთ ქარს ელოდა ვინმე, რაც 23 აპრილს უფრო ქარბორბალას სახით დატრიალდა და მილიონობით ზარალი მოიტანა და არც 25 აპრილის ღამის ყინვას, რამაც, ფაქტობრივად, უკვე დაღი დაასვა წლევანდელ მოსავალს.
ანდრო ვაშალომიძე ამბობს, რომ ვაზი ახლავე, სასწრაფოდ უნდა გამო ვიყვანოთ სტრესული მდგომარეობიდან! დაზიანებული ყლორტები, რომელიც თვალხილულად ჩანს, სასწრაფოდ შევაჭრათ! არ შეიძლება მოწყვეტით ან მოჩქმეტით მოშორება. ვიხმაროთ სასხლავი მაკრატეწლი და ფრთხილად მივაჭრათ.
_ პირველ ყოვლის, ვაზს შევასხუროთ ერთპროცენტიანი ბორდის ხსნარი, რომელშიც წინასწარ იქნება შერეული ფოთლოვანი კვების საშუალება, ბლექჯეკი ან ორგანიკა. ასევე ნიადაგში შევიტანოთ ცოტა აზოტი. ეს არის ამ ეტაპზე პირველი გადაუდებელი საშუალება, რაც ვენახს ამ მძიმე სიტუაციიდან გამოიყვანს, _ გვირჩევს ის.
ანდრო ვაშალომიძეს უკვირს, რომ 25 აპრილის ღამის საკმაოდ მძიმე ყინვამ, გურიის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეტ-ნაკლები კვალი დატოვა. მაგალითად სოფელ შემოქმედში თითქმის არაფერი დაზიანებია ვენახს, ხოლო იმავე თემის სოფელ წითელმთასა და გომში ვაზის კვირტები ერთიანად დამზრალია.
„რაც შეეხება ხეხილოვანებსა და აგრარულ კულტურებს, მძიმე სანახავია კივის, კაკლის, ლეღვის, წაბლის, ყვავილობის ფაზაში მყოფი საგვიანო ვაშლის ხეების დამზრალი ყვავილები თუ კვირტები. ასევე უკვე ნაყოფის ფაზაში გადასული ტყემლის კაკლები ხეზევეა გაშავებული _ რაც მოვარდნილ ძლიერ ქარს გადაურჩა, ფაქტობრივად, ყინვამ გაანადგურა. ბოსტნეული კულტურებიდან განადგურებულია კარტოფილის საადრეო ნათესები, რამაც შესაძლოა, ნაწილობრივ კვლავ ამოიყაროს, თუმცა მოსავალი უმცირესი იქნება“, _ ამბობს ვაშალომიძე.