“გიორგი მარგველაშვილი კამპანიის _ “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სიცრუეს ავრცელებს”, _ ამბობს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის თარიღი დამოკიდებულია პოლიტიკურ კომპრომისზე.
“გვაქვს გრძელვადიანი ხედვა. გვინდა ჯანსაღი სისტემა. ამის ერთ-ერთი ელემენტია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა. უკეთესი სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების გადავადება შესაძლებელია პოლიტიკური კომპრომისის საფუძველზე, 6 წლით, იმ შემთხვევაში, თუ აზრი ექნება. პოლიტიკურმა კომპრომისმა აზრი შეიძლება დაკარგოს, თუ გაგრძელდება მსგავსი აქტივობა. სუბიექტმა, ვისაც პოლიტიკური კომპრომისი ეხება, საქმიანობა კონსტიტუციური როლის შესაბამისად უნდა წარმართონ. იქ, სადაც პრეზიდენტი კომისიას და პარლამენტს პირდაპირ უპირსპირდება, პოლიტიკურ კომპრომისს აზრი ეკარგება.
პრეზიდენტმა კამპანია დაიწყო მაშინ, როდესაც ცვლილებები მომზადებული არ იყო. ეს არის აბსოლუტური ნონსესი. კონკრეტულ ცვლილებებზე თუ არ საუბრობ, საყოველთაო სახალხო განხილვას ეფექტი ვერ ექნება. პრეზიდენტი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის. მოვისმინეთ არაერთი ტყუილიც. თქვა, რომ პრემიერს მშვიდობიან პერიოდში ჯარების გადაადგილება შეუძლია. პრემიერისთვის ეს უფლება არავის მიუნიჭებია. ასეთი რამ სამხედრო დიქტატურებშიც კი არ ხდება. ეს იყო მოსახლეობის დეზინფორმირება”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.