ახლა, გაზაფხულზე, ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი მცენარის სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის ზრუნვა, რაც ძნელი სულაც არ არის და ნიადაგის მოვლასთან ერთად, გულისხმობს ღეროს და მცენარის ქერქის მოვლას.
ნიადაგის ერთხელ საგულდაგულოდ დამუშავება და გამდიდრება მთელი წლის მანძილზეა საკმარისი. თუმცა, ასე არ ითქმის ღეროსა და ქერქზე, რომელსაც მზრუნველმა მეურნემ მუდმივად უნდა მიაქციოს ყურადღება. ადამიანის მიერ გამოწვეული მერქნიანი ჭრილობები (გასხვლა, გაკრეჭა, გადაბელვა) ან გარეშე ფაქტორების მოქმედებით (ქარი, დამწვრობა, სეტყვა, თაგვის, კოდალას თუ კურდღლის ქმედება, მექანიკური და სხვა), თანდათან მატულობს და ჩნდება ფუღორო. ჭრილობებში გროვდება წყალი, სადაც ვითარდება პარაზიტული სოკოების სპორები და ბაქტერიები, რაც შლის მერქანს და მცენარის სხვა ქსოვილებს, იწვევს ნორმალური პროცესების დარღვევას და საბოლოოდ მცენარის სიცოცხლის შემოკლებას. თავის დროზე წესიერი მოვლით კი ყველა ეს ჭრილობა მალე შეხორცდება. უნდა დავაკვირდეთ _ ნერგი როცა იზრდება, თუ ცუდად არის სარზე აკრული, ასახვევი მასალა იჭრება ღეროში, რაც ხშირად წარმოადგენს დაავადების ან გახმობის მიზეზს. ამ შემთხვევაში ნახვევი უნდა შევასწოროთ ან თუ ხე საკმაოდ მოძლიერებულია, სულ მოვაშოროთ.
სიდამწვრისგან დაზიანებულ ხის ქერქს რაც შეეხება, ვეგეტაციის წინ უნდა გადაიფხიკოს მჭრელი დანით საღ ადგილამდე და ჭრილობა დაიფაროს ბაღის მალამოთი და შევახვიოთ ნაჭრით.
მცენარის ხის ღეროზე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას (დაცემისას) ჩნდება ყინვანაკრავი ბზარი. ვიწრო და და არაღრმა ბზარი ჩქარა ხორცდება. ღრმა და განიერი კი ბზარი კი _ გვიან და ამ ბზარში ხვდება წყალი, ჩნდება სოკოვანი დაავადება. რაიმე რადიკალური საშუალება ასეთი ბზარებისთვის არ არსებობს, გარდა იმისა, რომ თუ შეხორცების პროცესი ჭიანურდება, სიდამპლის წარმოშობის თავიდან ასაცილებლად, ფოლადის დანით ან შალაშინით გადავასუფთავოთ, გადავფხიკოთ საღ ადგილამდე და წავუსვათ ბაღის მალამო. შეხორცებას დააჩქარებს ასევე აზელილი თიხა.
ზოგადად მცენარის ტანზე, ღეროზე შეხორცების დაჩქარება დამოკიდებულია ჭრილობის სიდიდეზე, კლიმატურ პირობებზე, ხის ხნოვანებაზე, ნიადაგზე და წესიერ აგროტექნიკაზე.
რაც შეეხება ფუღუროს, ის ხელს უშლის ხეში წვენთა მოძრაობას. ხეს უმცირებს დეკორატიულობას და უმოკლებს სიცოცხლეს. ფუღუროების მკურნალობა შრომატევადია და ხშირად უშედეგოც. გირჩევთ, მოახდინოთ ფუღუროების დეკორაციული ჩაკირვა. წინასწარ ამოწმინდეთ კარგად, ამოჭერით საღ ფენამდე, გაუკეთეთ სტერილიზაცია საალებელი ლამფით და წაუსვით ბაღის მალამო. შემდეგ სიღრუე ამოავსეთ ელასტიური მასით და მჭიდით, რომელიც ასე უნდა მოამზადოთ: ერთ წილ ცემენტს შეურიეთ სამი წილი წმინდა სილა. მოზილეთ და ამოავსეთ სიღრუე. ასე ნელდება ფუღუროში სიდამპლის პროცესები, საბოლოოდ კი ქრება. ხეს კი ეძლევა უკეთესი დეკორატიული იერი. ასევე კარგ შედეგს იძლევა ფუღუროებში ჩასაკრავად ასფალტში მოხარშული ხის ნახერხი.
ღეროს გამხმარი ქერქი ფრთხილად უნდა ჩამოვფხიკოთ ისე, რომ არ დავაზიანოთ საღი ქსოვილი. ეს მოახდინეთ რკინის სპეციალური საფხეკით ან ფოლადის მავთულიანი ჯაგრისით.
არ დაგავიწყდეთ ტოტების გამოხშირვა, რასაც ბევრი კარგი მეურნეც უყურადღებოდ ტოვებს. გადახლართული, ზედმეტი ტოტების შეჭრით ხეს მიეწოდება მეტი სინათლე და ჰაერი. გამოხშირვის დროს არ დაარღვიოთ ხის ფორმა. სამ სანტიმეტრზე მეტი სისქის ტოტების გადანაჭერები აუცილებლად დაფარეთ ბაღის მალამოთი, რადგან შესაძლოა, ხმობის დაწყების მიზეზი გახდეს. დააკვირდით ხეს და თუ ვარჯის ფორმას წონასწორობა დაკარგული აქვს და ცალმხრივ განვითარება ეტყობა, ამ შემთხვევაში გათამამებული ძლიერი ტოტი დაამოკლეთ და ხე ვიზუალურად შედარებით სიმეტრიულ ფორმაში მოაქციეთ.