კომპაქტურად აღმოცენებული მოლი საოცრად ნაზ, თითქოს, საგანგებოდ მოქსოვილ ფაფუკ ხალიჩას ქმნის და ზურმუხტოვანი ფერი ხშირად სხვადასხვა ელფერს იძლევა, რაც უსაზღვროდ ალამაზებს გარემოს, კერძო ოჯახის კარმიდამოს თუ ბაღ-პარკებს და მხატვრული პეიზაჟის შექმნისთვის უმშვენიერესი საშუალებაა.
მოლის მოწყობაზე ათეული წლების წინ განსაკუთრებით ზრუნავდნენ. მერე მინელებულმა ტრადიციამ, დღეს ნელ-ნელა იწყო განახლება, ხშირად კითხულობენ მოლის საუკეთესო ჯიშების და მისი დათესვის, მოწყობა-მოვლის შესახებ.
უნდა გვახსოვდეს, რომ მოლის ყოველ კვადრატულ მეტრზე მარცვლოვანი ბალახები, ვეგეტაციის პერიოდში, აორთქლებს 500-დან 750 ლიტრამდე წყალს. სილამაზის გარდა, მწვანე მოლი საგრძნობლად აგრილებს ზაფხულის პერიოდში ჰაერის ფენებს.
მოლი, დანიშნულების მიხედვით, ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: ეს არის დეკორაციული და სასპორტო.
ამჯერად ჩვენ დეკორაციულ მოლზე ვსაუბრობთ, რომელიც საოჯახო გარემოშია მიზანშეწონილი და ბევრს აინტერესებს მისი დათესვა და მოწყობა. ასეთ სახეობას ეკუთვნის “მავრიტანული” და “იაპონური” მოლი, რისთვისაც მოლის ბალახს, მოყვავილე ბალახის თესლთან შერეულს თესავენ. ეს უნდა მოხდეს ძალიან კარგად დამუშავებულ ნიადაგზე.
თუ გვინდა ჩვენი მოლი მთელი სეზონის განმავლობაში _ ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობდეს, დათესვამდე უნდა შევარჩიოთ ასორტიმენტი. გურიის სინამდვილეში როცა ვმოქმედებთ, მოლის თესლის ნარევის შედგენისას უნდა გავითვალისწინოთ კლიმატური პირობებისადმი დამოკიდებულება. უმჯობესია 2-4 კულტურის ნარევი, რადგან ბალახების განვითარებისას, რომელიმეს დაღუპვის შემთხვევაში, ერთი ავსებს მეორეს და სახეს ხანგრძლივად ინარჩუნებს.
დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში მოლის დათესვის მსურველმა ბალახების ასეთი ნარევი უნდა გამოიყენოს: 50% მრავალწლოვანი კოინდარი, 15% ჰიბრიდული სამყურა, 35% იტალიური კოინდარი. მოლის ბალახი სქლად უნდა დავთესოთ. თესვის საუკეთესო დრო მარტი და აპრილია ან გვიანი შემოდგომა. შეიძლება დავთესოთ მაისშიც. საოჯახო პირობებში სქლად, ხელით მოვაპნიოთ, სამი სმ სიღრმეზე. მობნეული თესლი კიდევ ერთხელ ფოცხით მოვასწოროთ, გავათანაბროთ და დავტკეპნოთ ფიცრის სატკეპნით და ან სხვა მოხერხებული საგნით. შემდეგ ზედაპირი დავნამოთ წმინდა ბადიანი სანამით. პირდაპირ წყლის ჭავლი, თუნდაც სუსტი, არ მიუშვათ.
სათანადო და რეგულარული მოვლით მოლი ათეული წლების განმავლობაში არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას და ღირებულებას. ის ყოველთვის უნდა გავწმინდოთ სარეველებისგან და თუნდაც წვრილი კენჭებისგან. ასევე, მოლი ხშირად საჭიროებს, როგორც მორწყვას, ისე თიბვას თუ გაკრეჭას. მოთიბვა უნდა მოვახდინოთ ფრთხილად, ერთი მიმართულებით, რის შემდეგაც მცენარე ივითარებს უამრავ ახალ მწვანე ყლორტს და ქმნის შეკრულსა და მკვრივ კორდს, ხოლო ერთწლიანი სარეველა ბალახები თავისთავად ისპობა.
მოლის გადათიბვა მაშინ უნდა მოვახდინოთ, როცა ბალახის ნორჩი ყლორტები 10-12 სმ სიმაღლეს აღწევს. რაც უფრო მაღალია ბალახი, მით უფრო უხეში ხდება იგი _ ფოთლები მაგრდება, ბაცდება. ძველი ყლორტებიდან თანდათან ცვივა ქვედა შეყვითლებული ფოთლები, ყლორტის ქვედა ნაწილი შიშვლდება და ღეროები იწყებს ყვავილობას.
მოლი ყოველ 12-15 დღეში უნდა გავთიბოთ. მონათიბი ბალახი კი უნდა ავიღოთ მაშინვე, რათა საღი მასა არ გააყვითლოს.