“არ გამოვრიცხავ წინასაარჩევნოდ შეიქმნას კოალიცია, თუმცა ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული“_ განაცხადა “გურია ნიუსთან“ საუბრისას “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.
მან ხაზი გაუსვა, იმას, რომ შესაძლოა, მათ რიგებში “ნაციოანლური მოძრაობაც“ აღმოჩნდეს:
“კოალიციის შექმნა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში იმაზე, რომ ეს მთავრობა გააუქმებს თუ არ გააუქმებს დაბლოკების შესაძლებლობებს. საკონსტუტიციო ცვლილებებთან ერთად პარტია “ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ძალებს და საქართველოში მოქმედ პარტიებს ართმევს საშუალებას, რომ იყვნენ ბლოკის სახით წარმოდგენილები.
ორივე არჩევნებზე 2012 და 2016–ში “ქართული ოცნება“ ბლოკის სახით იყო წარდგენილი, დღეს კი ის უსინდისოდ გვიმტკიცებს, რომ წინასაარჩევნო ბლოკები თურმე ცუდია, თუმცა არგუმენტი არ მოაქვთ; ანუ ამაზეც არის დამოკიდებული კოალიციის შექმნა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ მჭიდრო წინასაარჩევნო თანამშრომლობას პარტიულ ძალებთან და ისევე ვუბრუნდები მთავარ თეზისს, ჩვენი პარტია არის გამაერთიანებელი და არა გამყოფი, ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ საერთო პლატფორმა არ შევქმენით, ძალიან ძნელი იქნება დავამარცხოთ ადამიანი, რომელსაც აქვს 5 მილიარდი, რომელსაც ემორჩილება მთელი სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, სუს-ი, გამგეობები და ა.შ.“, _ აცხადებს უგულავა.
კითხვაზე: რომელ პარტიულ ძალებთან აპირებთ თანამშრომლობას და შესაძლოა, თუ არა თქვენს გვერდით აღმოჩნეს “ნაციონალური მოძრაობა“? _ უგულავა გვპასუხობს:
„ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, ვინც აფრიალებს რუსეთის დროშას, მისი ადგილი ჩვენს კოალიციაში არ იქნება და არც ჩვენს გვერდზე , ჩვენ მათ განვიხილავთ როგორც “მეხუთე კოლონას. წითელი ხაზი გავავლე უკვე, დანარჩენთან თანამშრომლობას, მათ შორის “ენმ“ არ გამოვრიცხავ“, _ აღნიშნავს უგულავა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს თბილისი მერობის კანდიდატი “ევროპული საქართველოდან“, მისი თქმით, ამის შესახებ 27 მაისს გახდება ცნობილი:
“მე არ ვიქნები, ეს შემიძლიათ დაგიკონკრეტოთ, არის რამდენიმე კანდიდატზე საუბარი, რომელიც 27 მაისს გახდება ცნობილი“, _ განაცხადა უგულავამ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.