საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა გაითვალისწინეს – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა შესაძლოა ავტომატურად აღარ დაიკარგოს და შენარჩუნდეს. პროექტში აღარ არის დათქმა, რომ საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.
“კანონი დაადგენს, რა პროცედურა იქნება გასავლელი, რათა სტატუსკვო შენარჩუნდეს. იქნება რეგულაცია. როდესაც ქვეყანას დიდი დიასპორა ჰყავს, მნიშვნელვანია სამართლებრივი კავშირების შენარჩუნებაც”, – განმარტა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს – სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
პროექტი გადაეგზავნა ვენეციის კომისიას. დაიწყება ერთთვიანი საყოველთაო სახალხო განხილვა.
ცვლილებები პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.
კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
პროექტის მიხედვით: პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, მაჟორიტარული სისტემა უქმდება, ოჯახის დეფინიცია განისაზღვრება, გენერალურ პროკურორს პარლამენტი ამტკიცებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჩაიწერება, პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული არ არის.