ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სასამართლო სხდომის დახურვის შესახებ. მათ შორის, მოსამართლემ გაიზიარა არგუმენტი, რომ საქმეში არსებულ ვიდეო და აუდიო მტკიცებულებებში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ფიგურირებენ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომების საჯაროობის შეზღუდვა პირდაპირ არღვევს სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას. მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის არსებობას სახელმწიფო მმართველობის მიმართ და წარმოადგენს გარანტიას, რომ დაცულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას მართლმსაჯულებისა და სასამართლოს ყველა ქმედების საჯაროობის პრინციპი. საზოგადოებას აქვს უფლება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე მიიღოს ინფორმაცია.
ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიიჩნევს, რომ დღევანდელი სხდომის დახურვა ნამდვილად არ ემსახურება კანონიერ მიზანს და დაუსაბუთებელია სხდომის დახურვის საფუძვლად მიეთითოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი, რადგან, ფაქტობრივად, საზოგადოებისთვის ცნობილია დაცვის იმ სპეციალური ღონისძიების გამოყენების შესახებ, რაც ხორციელდება ბრალდებულისა და მოწმეების მიმართ. ამასთან, სასამართლოს მიერ სხდომის დახურვის მიზეზად მითითებული პერსონალურ მონაცემთა გახმაურებისგან დაცვა არ შეიძლება, იყოს უპირატეს ინტერესად მიჩნეული, ვიდრე მართლმსაჯულების გამჭვირვალობის პრინციპი. სასამართლო სხდომები უნდა გაიმართოს საჯაროდ.
სხდომის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მოწმეთა და სხვა პირთა დაცვის აუცილებლობა ფიზიკური ან სხვა ზიანის რეალური საფრთხისაგან, მნიშვნელოვნად გადაწონის უფლებას, თავისუფლად გაშუქდეს სასამართლო პროცესი.