შაბათ-კვირას სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ევროპის პირველობა გაიმართა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი აღმოჩნდა.
კონტინენტის გამარჯვებულის წოდებას 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი დაეუფლა.
ზურაბმა თავდაპირველად ბულგარელი დანიელ ალექსანდროვი დაამარცხა. შემდეგ მის გზას ჩეხი პიოტრ ნოვაკი გაუყენა. ნახევარფინალში ქართველის მეტოქე რუსი ადლან აკიევი გახლდათ. მან ჩვენებურს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ფინალურ ორთაბრძოლაში დათუნაშვილს ბელორუსი რადზიკ კულიეუ ელოდა. ქართველმა ორთაბრძოლა მშვიდად მოიგო – 4:2. ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა გოგიბერაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ანალოგიურ წარმატებას 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოსულმა ლევან არაბულმაც მიაღწია.
აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფის ნახევარფინალურ სტადიაზე ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ კლუბ „იუტას“ მიჯრით მესამე შეხვედრა მოუგო – 102:91. საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე 12 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 7 ქულა, 4 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 დაფარებაა.
გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ დღეს შეხვდებიან. სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება.
ესპანეთის საკალათბურთო პირველობაზე გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის კლუბმა “ანდორამ“ ფლეი ოფის საგზური მოიპოვა. გუშინ ჯუჯა სახელმწიფოს გუნდმა ჩემპიონატის ლიდერს „ვალენსიას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვების მიღწევა შეძლო – 89:84.
გიორგი შერმადინის პირად აქტივში 27 წუთში დაგროვებული 22 ქულა აღმოჩნდა. ბექა ბურჯანაძეს მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია. „ანდორას“ 16 მოგება, 14 წაგება გააჩნია და სატურნირო ცხრილის მერვე საფეხურზე იმყოფება.
კალათბურთში მორიგ მსოფლიო პირველობას 2019 წელს ჩინეთი უმასპინძლებს. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ პირველობის ფინალურ სტადიაზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-დან 32-მდე გაზარდა. პირველად სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, ფეხბურთის მსგავსად შესარჩევი შეხვედრები გაიმართება.
გუშინ ჩინეთში ამ შეჯიბრების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები ბრძოლაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება. ჯგუფში მისი მეტოქეები სერბეთის, გერმანიისა და პირველ საკვალიფიკაციო სტადიაზე გამარჯვებული ერთ-ერთი გუნდი იქნება. შეხვედრები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და მომავალი წლის ივლისში დასრულდება. მომდევნო ეტაპებზე ბრძოლას ჯგუფის პირველი სამეული გააგრძელებს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ჯანო ანანიძე რუსეთის ჩემპიონია. ამ ქვეყნის პირველობის დასრულამდე კიდევ სამი ტურია. ამის მიუხედავად მოსკოვის „სპარტაკი“ მეტოქეებისთვის უკვე მიუწვდომელია. მიმდინარე წლის შემოდგომაზე რუსეთის „სახალხო გუნდი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს. რასაკვირველია ამ ტურნირზე ჯანო ანანიძეც ითამაშებს.
გუშინვე მაკედონიის ჩემპიონი გახდა ქართველი ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური. ჯაბა კლუბ „ვარდარში“ ასპარეზობს.
გუშინ ცნობილი გახდა რომ უახლოეს მომავალში არგენტინის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი ლეო მესი კლუბ „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. კატალონიურ გუნდთან 29 წლის არგენტინელის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში იწურება. ჯერჯერობით უცნობია ახალი კონტრაქტი რამდენწლიანი იქნება და ფეხბურთელი რა თანხას მიიღებს.