გუშინ, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ვინ იმარჯვებდა – ახალგაზრდა ემანუელ მაკრონი თუ მარინ ლე პენი? წინასწარი გამოკითხვებით მაკრონი დამაჯერებლად ლიდერობდა. საბოლოოდ, მოლოდინისამებრ, მან წარმატებას მიაღწია, იმ დიდი უპირატესობითაც რომელსაც წამყვანი ფრანგი პოლიტიკური მიმომხილველები უწინასწარმეტყველებდნენ.
არჩევნების წინა საღამოს თანამემამულეებს გამოჩენილმა ფრანგმა კინომსახიობმა ბრიჯიტ ბარდომ მიმართა და მოუწოდა რომ არჩევანი მარინ ლე პენის სასარგებლოდ გაეკეთებინათ. ბრიჯიტ ბარდო, რომელიც უსახლკარო ცხოველთა უფლებების უკომპრომისო დამცველია, შიშობდა რომ მაკრონის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საფრანგეთში უსახლკარო ცხოველების დაცვის ამბავი „უკან დაიხევდა“.
„ემანუელ მაკრონს ცხოველები არ უყვარს. დამიჯერეთ, მართალ ინფორმაციას გეუბნებით. მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში უსახლკარო ცხოველთა დამცველები ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. სახელმწიფო გვერდით აღარ დაგვიდგება და ამ მიმართულებით საქმიანობა ძალიან გაგვიჭირდება“, _ განაცხადა პოპულარულმა მსახიობმა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში გუშინ, ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე დაიწო. კანდიდატებიდან საარჩევნო უბანში თავდაპირველად მარინ ლე პენი გამოჩნდა, მოგვიანებით „საკუთარი არჩევანი“ ემანუელ მაკრონიმაც გააკეთა.
დილის ათ საათზე საარჩევნო უბანზე საფრანგეთის ამჟამინდელი პირველი პირი ფრანსუა ოლანდი გამოცხადდა, ცოტა მოგვიანებით კი ანალოგიური ნაბიჯი ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზმაც გადადგა.
ადგილობრივი დროით 13.00 საათზე არჩევნების პირველი შედეგები ცნობილი გახდა. საუბარია საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ მყოფ ქვეყნებზე. კუნძულ მარტინიკაზე მოსახლეობის 77 პროცენტმა ხმა მაკრონის მისცა, გვადელუპაში მან ხმათა 75 პროცენტი დააგროვა, საფრანგეთის გვინეაში კი – 65 პროცენტი.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. გამოცემა „Le Parisien”-ის ინფორმაციით, 12.00 საათზე პარიზთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქი დრავეის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე 89 წლის მამაკაცი გამოცხადდა. საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ ის შეუძლოდ გახდა და გამოძახებული საექიმო ბრიგადის მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ექიმების მტკიცებით, მამაკაცს გულმა უმტყუნა.
შუადღეს საფრანგეთში საარჩევნო ვითარება ფრიად დაიძაბა. ლუვრთან ახლოს მდებარე ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბში საეჭვო ჩანთა იპოვეს, რომელშიც ვიდეოკამერის აკუმულატორები აღმოჩნდა. პარიზის პოლიციამ ქმედითი ღონისძიებები მალევე გაატარა და ლუვრის მოედნის მიმდებარე ტერიტორია სასწრაფოდ გადაკეტა, იქ შეკრებილ მოსახლეობას კი ადგილი სასწრაფოდ დაატოვებინა. საბოლოოდ პანიკა უსაფუძვლო აღმოჩნდა და საპრეზიდენტო არჩევნები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.
ადგილობრივი დროით 17. 00 საათზე ბელგიურმა გამოცემამ „La Libre Belgique” მიმდინარე არჩევნების იმ დროისათვის არსებული მონაცემები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ ემანუელ მაკრონი ხმათა 63 პროცენტს აგროვებდა. ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა მეორე ბელგიურმა გამოცემამ „Le Soir”.
ამასობაში სკანდალურად ცნობილმა „WiKiLeaks“-მა მორიგი სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. მისი მტკიცებით, აშშ-ის ყოფილი პირველი პირი ბარაკ ობამა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში უხეშად ერეოდა და ემანუელ მაკრონის მხარს იჭერდა. გამოცემის ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის თანამდედობაზე ყოფნისას ბარაკ ობამას მრჩევლები მაკრონის წინასაარჩევნო კომპანიაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ.
ადგილობრივი დროით 19. 00 საათზე (პარიზში 20. 00 საათზე) საარჩევნო უბნები დაიკეტა. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა რომ საფრანგეთის ახალი პირველი პირის თანამდებობას ემანუელ მაკრონი დაიკავებს.
მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო. „ეროვნული ფრონტის” ლიდერს, მარინ ლე პენს კი ამომრჩეველთა 33,94%-მა დაუჭირა მხარი.
მაკრონს წარმატება ერთ-ერთმა პირველმა მისმა კონკურენტმა, მარინ ლე პენმა მიულოცა. მოგვიანებით ანალოგიური ნაბიჯი აშშ-ის პირველმა პირმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა.