დღეს, დილიდან ოზურგეთში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა დიდების მემორიალთან შეიკრიბნენ დიდი სამამულო ომად წოდებული ბრძოლის მონაწილე ვეტერანები. მხარის, მუნიციპალიტეტის და ქალაქის მერიის პირველმა პირებმა, გვირგვინებით შეამკეს მემორიალი და ვეტერანებს მადლიერების გამოხატვითა და სიყვარულით მიესალმნენ.
_ სახელმწიფო არასოდეს მიატოვებს ჩვენს ვეტერანებს, სულ მათ გვერდით ვიქნებით. დღეს რომ აქ ვართ, თქვენი დამსახურებაა. მინდა, მთელ საქართველოს, ჩვენს გმირებს ვუთხრა, რომ ვიბრძოლებთ ისე, როგორც ჩვენი ვეტერანები იბრძოდნენ და ასე გავაერთიანებთ საქართველოს, _ ასე მიესალმა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ომის მონაწილეებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ კიდევ დიდხანს სიცოცხლე უსურვა ომის ქარცეცხლში გამოვლილებს და აღნიშნა, რომ სამშობლოს დაცვას ყველაზე დიდი გამბედაობა და ბრძოლის ჟინი სჭირდება.
_ ქედს ვუხრი ასეთი გმირობის ჩამდენთ და კვლავ დიდხანს ყოფნას ვუსურვებ ამ წუთისოფელში _ თქვა მან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ბეგლარ სიორიძემ დიდხანს სიცოცხლე უსურვა ვეტერანებს ასევე შეპირდა, რომ სანამ ამქვეყნად არიან, ხელისუფლებისგან სითბო და ყურადღება არ მიაკლდებათ.
93 წლის ომის ვეტერანი, დიდი სამამულო ომის მონაწილე დიმიტრი სარიშვილი შეკრებილ საზოგადოებას ემოციურად მიესალმა:
_ მე მოვიხადე ჩემი მოვალეობა. დიდი არაფერი გამიკეთებია. მადლობას გიხდით ყველას და ომის მონაწილე ვეტერანებს, ვინც ცოცხალია, ვუსურვებ, იყვნენ მხნედ და ჯანმრთელად. საერთოდ, ყველა გმირია, ვინც იმ დროს ცხოვრობდა. ხალხმა არა მარტო ბრძოლის ველზე, ზურგშიც და ყველგან საშინელებას გაუძლო, _ თქვა მან.
საპატიო გმირებს საგმირო და პატრიოტული სიმღერები უძღვნეს ვეტერანთა ანსამბლმა „აბჯარმა“ და „შვიდკაცამ“.
ვეტერანთა საქმეთა სამსახურის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ „გურია ნიუსთან“ ისაუბრა სახელმწიფოს მიერ ვეტერანთათვის გაწეულ დახმარებაზე, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეისთვის სულ ცხრა ომის ვეტერანი ცხოვრობს. მათ სახელმწიფოსგან დაერიცხათ ერთჯერადი დახმარება 600 ლარის ოდენობით, მუნიციპალიტეტის გამგეობისგან _ 400 ლარი, ხოლო ქალაქის მერიისგან _ 300 ლარი. ასევე ხუთ ქალბატონს, ვისი მეუღლეც დიდ სამამულო ომში უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაერიცხათ 300 ლარი თითოეულს, _ გვითხრა ბაქანიძემ.