2018 წლის 1 იანვრიდან ონლაინ კაზინოების მფლობელები ვალდებული იქნებიან ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მოთამაშეს მიაღებინონ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, რეგისტრირებულად ჩაითვლება ის მოთამაშე, რომელსაც შემოსავლების სამსახური აღრიცხავს. შემოსავლების სამსახური მოთამაშეთა რეესტრსაც გაუწევს კოორდინირებას. ონლაინ კაზინოებში თამაშის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ, როგორც ელექტრონულად, ისე – შემოსავლების სამსახურში გამოცხადებით.
ახალი რეგულაციის მიხედვით, ონლაინ კაზინოში იმ პირების დაშვება, რომლებსაც ჯერ 21 წელი არ შესრულებიათ, ან დამოკიდებულების მქონე პირთა სტატუსით სარგებლობენ, დასჯადი იქნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სპეციალური სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილეებისთვის ახალ რეგულაციებზე რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდა. ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადებულია.