ტყიბულში 13-საათიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა – ოთხივე მეშახტე დაღუპულია. შესაბამისი სამსახურები ტერიტორიას ტოვებენ.
ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა – ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია. ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.
განცხადებები გაავრცელეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციამ. მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.