მიმდინარე წლის 7 მაისს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ახალგაზრდა ემანუელ მაკრონიმ მთავარ კონკურენტ მარინ ლე პენს დამაჯერებლად აჯობა და უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში საკუთარ ქვეყანას უხელმძღვანელებს.
არჩევნების წაგების შემდეგ ქალბატონი მარინი „უმუშევარი“ არ დარჩენილა. გუშინ გამოცემამ „Le Monde“ გაავრცელა ცნობა რომ ლე პენი საქმიანობას მშობლიურ პარტიაში გააგრძელებს.
ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ქალბატონ მარინს ერთგვარი ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და „ეროვნულ ფრონტს“ ვერ ხელმძღვანელობდა. საარჩევნო ბატალიები უკვე დასრულებულია და ლე პენიც მშობლიურ პოლიტიკურ პარტიას დაუბრუნდა.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე გაიმართა, რუსეთში კი ის 2018 წელს ჩატარდება. რასაკვირველია ყველას აინტერესებს, ამ ქვეყნის ამჟამინდელი პირველი პირი ვლადიმერ პუტინი საპრეზიდენტო თანამდებობაზე კენჭს კვლავ თუ იყრის. პუტინს ანალოგიური კითხვა გუშინ თანამემამულე ჟურნალისტებმაც დაუსვეს.
„რასაკვირველია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მსურს, მაგრამ ჯერ მზად არ გახლავართ. ნამდვილად არ გადამიწყვეტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას თუ მივიღებ. ნება მომეცით ამ საკითხის შესახებ მიმდინარე წლის დასასრულს ვისაუბრო. იმ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული მექნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა ადგილობრივ ტელევიზიებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა რომ უახლოეს მომავალში აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამისი უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მიმართებაში უკან დახევას არ აპირებს და ორ „მოჯანყე“ რესპუბლიკას მხარს ბოლომდე უჭერს.
ცოტა ხნის წინ პუტინი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, გერმანელი პოლიტიკოსი სამშობლოში უშედეგოდ დაბრუნდა. მან უკრაინის საკითხების მიმართ პუტინისგან ახალი მოლაპარაკებების გამართვისა და მდგომარეობის დასტაბილირების მცდელობისთვის ნაბიჯების გადადგმაზე ცივი უარი მიიღო.
ამის შემდეგ საქმეში „მძიმე იარაღი“, დონალდ ტრამპი ჩაერთო, რომელმაც ხისტი პოლიტიკის გამო რუსეთის დასჯა კიდევ ერთხელ მოისურვა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მიმართ ახალი ამერიკული სანქციები უახლოეს მომავალში ამოქმედდება და იარსებებს იმ დღემდე, სანამ ბატონი პუტინი უკრაინის მიმართ თავის დამოკიდებულებას არ შეცვლის.
პაველ კლიმკინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მასთან პირად საუბარში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „განდგომილი რეგიონების“ უკრაინის შემადგენლობაში დასაბრუნებლად ყველა შესაძლო ღონეს იხმარს.
დღევანდელ „მიმოხილვას” გერმანიიდან მოსული ერთი სასეირო ამბით დავასრულებთ. ბოლო დღეების განმავლობაში ამ ქვეყნის მოსახლეობის თვალთახედვის არეში მავანი 12 წლის ბიჭუნა მოექცა. ბავშვს ბებიის მონახულება უნდოდა, მაგრამ მშობლები მოუცლელობის გამო ნატვრას ვერ უსრულებდნენ. გამოსავალი მაინც მოიძებნა. მოზარდმა მამას მანქანა აწაპნა და საქსონიიდან ბავარიის მიმართულებით მიმავალ გზას გაუდგა. საინტერესოა რომ ბავშვმა ჩქაროსნულ ტრასაზე 200 კილომეტრი ყოველგვარი ფათერაკის გარეშე გაიარა. საღამოს ბებიის სახლის კარზე დააკაკუნა და „შენს სანახავად მანქანით ჩამოვედიო”, – ახარა.
მთელი გერმანია ამ ბიჭზე ლაპარაკობს და მომავალში გამოჩენილი მრბოლელის კარიერას უწინასწარმეტყველებს. რასაკვირველია პოლიციას მოზარდი არ დაუსჯია და მხოლოდ „მსუბუქი გაფრთხილებით” შემოიფარგლა.
საინტერესოა ამ ბიჭს საქართველოში რომ ეცხოვრა და ანალოგიური „მოგზაურობა” თბილისიდან ქუთაისამდე გადაეწყვიტა. ქართველი მძღოლებისა და აქაური მოძრაობის „წესების” შემყურეს, მეეჭვება, დანიშნულების ადგილამდე უხიფათოდ ჩაეღწია…