გუშინ აშშ-ში მიმდინარე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პირველობის ფლეი ოფის სტადიაზე, დასავლეთის კონფერენციის მეორე ფინალურ შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ კლუბ „სან ანტონიოს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორედ დაამარცხა – 136:100.
საქართველოს ეროვნული გუნდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 4 ქულა გახლდათ. „გოლდენ სტეიტი“ თავიდანვე დამაჯერებლად დაწინაურდა. საწყისი 12 წუთი 33:16 მოიგო, მეორე კი – 39:28. ამის გამო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზას დასვენების შესაძლებლობა მისცა.
ორი შეხვედრის შემდეგ „გოლდენ სტეიტი“ ორი მოგებით დაწინაურდა. მომდევნო მატჩებს გუნდები „სან ანტონიოს“ მოედანზე ჩაატარებენ.
გუშინ ცნობილი გახდა რომ კლუბი „ანდორას“ გულშემატკივრებმა სეზონის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს. ზედიზედ მეორე წელია გუნდის საუკეთესო კალათბურთელის წოდება გიორგი შერმადინმა დაიმსახურა. საინტერესოა რომ ამ გამოკითხვაში მეორე გიორგის თანაგუნდელი ბექა ბურჯანაძე აღმოჩნდა.
იტალიის საფეხბურთო პირველობის დასრულებამდე ორი ტური დარჩა. გუშინ ცნობილი გახდა რომ კლუბ „ემპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ამ სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. საქართველოს ნაკრების 27 წლის შემტევმა სამი კვირის წინ მიღებული ტრავმა ჯერ კიდევ ვერ მოირჩინა.
გუშინვე ცნობილი გახდა რომ საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი ლევან ყენია კარიერას თბილისის „ლოკომოტივში“ გააგრძელებს. ყენია ბოლო დროს ჩეხურ „სლავიაში“ ასპარეზობდა. ბოლო სეზონი ტრავმის გამო პრაქტიკულად გაუცდა. ყენიამ თბილისურ გუნდთან წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გააფორმა.
იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოზე გუშინ პირველი მარცხი იგემა ტოჩინოშინმა. ლევან გორგაძემ მონღოლ იჩინოჯოსთან წააგო. სამი დღის შემდეგ ქართველის აქტივში ორი მოგებაა. გუშინ იმარჯვა რანგით მეორე – ძურიოს დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ. თეიმურაზ ჯუღელმა იამაგუძისთან მოიგო. გაგამარუს ანგარიშზე ორი მოგებაა.
გუშინ ცნობილი გახდა რომ გამოჩენილი იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო ტოტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მშობლიურ „რომას“ დაემშვიდობება და კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. იტალიური ფეხბურთის 40 წლის ლეგენდა კლუბ „მაიამიში“ ითამაშებს. საინტერესოა რომ ამ გუნდის ერთ-ერთი მფლობელი ახლო წარსულში პოპულარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინია, გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას კი ალესანდრო ნესტა ასრულებს.
გუშინ ესპანურ სპორტულ მასმედიაში გავრცელდა ცნობა რომ კატალონიური „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას მიმდინარე წლის 29 მაისს დაასახელებს. ცნობილია რომ კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი ლუის ენრიკე თანამდედობას უახლოეს დღეებში ოფიციალურად დატოვებს.