მსოფლიოს დიეტოლოგები და ექიმები ამტკიცებენ, რომ ყოველდღიურ რაციონში ადამიანმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ფაფები, განსაკუთრებით შვრიისა. ბავშვები, რომლებიც 5-6 თვიდან იღებდნენ შვრიას, 2-3-ჯერ ნაკლებად ავადდებიან ასთმით, ვიდრე ისინი, რომლებიც არ ჭამდნენ შვრიის ფაფას. ასევე, თუკი უფროსები ყოველდღე საუზმედ ირჩევენ შვრიის ფაფას, ხელს უწყობენ სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის 10%-ით შემცირებას, აუმჯობესებს იმუნურ სისტემას.
ბოლო ხანებში ძალიან პოპულარული ენერგეტიკული სასმელები არცთუ უსაფრთხო ყოფილა. მართალია, ის ხსნის დაძაბულობას, დაღლილობას და აიძულებს ორგანიზმს გაძლიერებულად იმუშაოს, თუმცა არცთუ ისე დიდი ხნით. ენერგეტიკული სასმელების ბოროტად გამოყენება იწვევს უილაჯობას, აპათიას, უძილობას.
ყველაფერ ამას ხელს უწყობს არა მარტო ის, რომ ის სასმელები კალორიულია, არამედ ისიც, რომ შეიცავენ დიდი რაოდენობით კოფეინს (ვარაუდობენ, რომ 1 ქილა ენერგეტიკული სასმლის მოქმედება უდრის 5 ფინჯან ყავას).
ავსტრიელი მედიკოსების აზრით, ეს სასმელები მნიშვნელოვნად ვნებენ ორგანიზმს, ხელს უწყობენ წნევის ამაღლებას, სისხლის შესქელებას, აქვეითებენ სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამიტომ ექიმები გვირჩევენ, თუკი გსურთ მხნეობა მოგემატოთ, მოგეხსნათ დაღლილობა და გამოგიკეთდეთ გუნება-განწყობილება, უმჯობესია შეჭამოთ ერთი მუჭა ნიგოზი, დალიოთ ახალგამოწურული წვენი, ან ხელები შეუშვიროთ ცივ წყალს ან რამდენიმე წამით მსუბუქად დაისრისოთ ყურები…
ამერიკელმა მეცნიერებმა კვლევებით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ სიცოცხლის ნამდვილი ელექსირია ცხიმმჟავებით მდიდარი თევზები: ორაგული, სკუმბრია და სარდინი. მათ შეისწავლეს გულით დაავადებული 608 პაციენტის მდგომარეობა და დაადგინეს, რომ ომეგა-3 (ცხიმოვანი მჟავები) აკონტროლებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს გულის შეტევების შემდეგ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას, აუმჯობესებს მხედველობას და აფერხებს ინტელექტის ასაკობრივ გაუარესებას და 40%-ით ამცირებს კუჭ-ნაწლავის კიბოთი დაავადების რისკს.