უამინდობა, ცივი გამჭოლი ქარი და მზის სხივების უკმარისობა ასუსტებს ორგანიზმს, რაც ხშირად გაზაფხულზე იჩენს ხოლმე თავს გრიპისა და სხვადასხვა დაავადების სახით. ამიტომ გაზაფხულზე რომ არ იავადმყოფოთ და მუდამ კარგ ფორმაში იყოთ, გადახედეთ თქვენს რაციონს:
იმუნიტეტის გაძლიერებას და გუნება-განწყობილების გაუმჯობესებას ხელს უწყობს სწორი კვება. რადგან ზამთარში ჩვენ უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავთ, ამიტომ გაზაფხულზე საკვები უნდა იყოს უფრო კალორიული. ხშირად მიირთვით ფაფები, ხორცის კერძები და თევზი, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი მწვანილი, ხილ-ბოსტნეული, მიიღეთ ბევრი სითხე (მინერალური წყალი, მცენარეული ჩაი). ხილ-კენკრის (ასკილის, მოცხარის) ნახარში. სითხე ატენიანებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანას და გამოდევნის მათში დაგროვილ მავნე მიკროორგანიზმებს.
გაზაფხულზე მენიუში გაითვალისწინეთ შემდეგი პროდუქტები:
კარტოფილი, რომელიც კალიუმის წყაროა, აწესრიგებს გულის რიტმს. ხელს უწყობს ტვინის ჟანგბადით მომარაგებას, რითაც აუმჯობესებს მის მუშაობას. სხვადასხვა ალერგიული რეაქციის დროს სასარგებლოა C ვიტამინით მდიდარი კარტოფილი, იდეალურად ერწყმის ამინომჟავებს. რეკომენდებულია მიირთვათ აირღუმელში კანიანად შემწვარი ან მოხარშული.
D ვიტამინის უკმარისობის აღმოსაფხვრელად ხშირად მიირთვით თევზი (თინუსი, ორაგული) და რძის პროდუქტები. გარდა ამისა, თევზი შეიცავს ცხიმმჟავა ომეგა-3-ს, რომელიც ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას და ააქტიურებს ტვინის მუშაობას. რძე და რძის პროდუქტები აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, კალციუმი, რომელსაც რძის პროდუქტები შეიცავს, ამაგრებს კბილებს, ძვლებს, თმასა და ფრჩხილებს.
დამტკიცებულია, რომ ლეღვი და კაკალი ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ ბუნებრივ ანტიდეპრესანტებში ლიდერობენ კაკალი, ლეღვი, ბანანი და შოკოლადი, რომლებიც ხელს უწყობენ სიამოვნების ჰორმონის – სეროტონინის, გამომუშავებას. ასევე შეიცავენ E და B ჯგუფის ვიტამინებს, ანტიდეპრესანტულ ნივთიერებებს, როგორიცაა ფოლიუმის მჟავა, სელენი და ტრიპტოფენი.
C ვიტამინი აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს, და სპეციალურ უჯრედებს, ე.წ. მაკროფაგებს, რომლებიც ებრძვიან ინფექციებს. გაცივებისა და გრიპის ეპიდემიის დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ რაციონში C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები – ბროწეული, კომბოსტოს მწნილი, ოხრახუში, ბულგარული წიწაკა, ქაცვი…
ბეტა-კაროტინით მდიდარი სტაფილო და კვერცხი აქტიურად მონაწილეობს თვალის ბადურაში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში, აუმჯობესებს ფერთა სწორ აღქმას, მხედველობას, რეპროდუქტიულ ფუნქციას, მატებს ორგანიზმს ინფექციებისადმი წინააღმდეგობის უნარს, იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისაგან.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქათმის ცხელი ბულიონი აუმჯობესებს ცხვირში პატარა ბუსუსების ფუნქციებს, რომლებიც იცავენ ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან. ასევე ააქტიურებენ ლეიკოციტების მოძრაობას (სისხლის თეთრი ბურთულები), რომლებიც ებრძვიან ინფექციებს. ქათმის ბულიონი შეიცავს ფერმენტ ლიზოციმს, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს, თრგუნავს ბაქტერიებისა და ვირუსების აქტიურობას და აფერხებს სისხლის შესქელებას.