გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ძი იენჩის შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს გურიის რეგიონში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პოტენციალზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები.
ჩინეთის ელჩი – ძი იენჩი: „ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება გურიაში ჩამოვსულიყავი. შევხვედროდი ბატონ გუბერნატორს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. დღეს ჩვენ გვქონდა მეგობრული და საქმიანი შეხვედრა, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მოსაზრებები გავცვალეთ. მინდა აღვნიშნო, რომ გურიას აქვს ძალიან კარგი ტურისტული და ბუნებრივი რესურსები. ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობაზე და იმედი მაქვს გურიით ბევრი ჩინური კომპანია დაინტერესდება. განსაკუთრებით, კი ჩაის მეურნეობის აღდგენით. მინდა ამ ულამაზეს რეგიონს კეთილდღეობა და ეკონომიკური განვითარება ვუსურვო”.
როგორც გუბერნატორმა გია სალუქვაძემ აღნიშნა, ჩინეთის ბაზარი ძალიან დიდია, ამიტომ ყველანაირად მოხდება ხელშეწყობა ადგილობრივი ბიზნესისათვის, რათა ჩინეთის ბაზარზე უფრო მეტი პროდუქტი გავიდეს. ასევე, მისასალმებელია, რომ ჩინეთის ელჩი გურიაში ჩაის კულტურის აღორძინებით დაინტერესდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა გურიაში წარმოებული პროდუქტები დააგემოვნეს. (R)