ქართველი მოღვაწის, სანკტ-პეტერბურგის შოთა რუსთაველის სახელობის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ავთანდილ ბუთხაშვილის დაფინანსებით, ამ ქალაქში შოთა რუსთაველის ძეგლი გაიხსნა. ძეგლის ავტორი მსოფლიოში ცნობილი სკულპტორი ზურაბ წერეთელია.
_ უდიდესი პოეტისა და მოაზროვნის ძეგლი რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნა. როგორც გამოცხადებული იყო, მსოფლიო საზოგადოება აღნიშნავს შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს. ჩვენი თავგამოდებაც ამით აიხსნება. დიდი ხანია, იქ ვცხოვრობთ. ქართული დიასპორა და ჩვენ ერთმანეთს გვერდით ვუდგავართ. აქვე, მეექვსე წელია, სწორედ რუსთაველის საზოგადოების ინიციატივით, გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელთა წრე, სადაც ქართველი ქალბატონი, წარმოშობით ქუთაისელი, ხათუნა ბოჭორიშვილი ასწავლის ქართულ ენას სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის, რუსი ეროვნების ადამიანებს, ვინც კი დაინტერესებულია, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბარში ქალბატონმა ლალი ხორნაულმა, ავთანდილ ბუთხაშვილის მეუღლემ, რომელიც ოჯახთან ერთად, სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს და როგორც თვითონ ამბობს, სურს, შოთა რუსთაველის ძეგლი, ზოგადად, რუსთაველის საზოგადოება, სანკტპეტერბურგელთათვის კულტურული მიზიდულობის წერტილად აქციოს.
_ ძეგლის გახსნაზე, ქართული დიასპორის გვერდით იდგა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, კალინინის რაიონის უფროსი, სხვა მრავალრიცხოვანი სტუმარი. ძეგლი, როგორც ვთქვი, რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნა და ამავე ქუჩაზე მდებარე სკოლას რუსთაველის სახელი უწოდეს. შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების, „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი მიმართულებაა სიყვარული, მეგობრობა და სიმამაცე _ ვცდილობთ, ამ სიბრძნით ვიაროთ, _ გვითხრა ქალბატონმა ლალი ხორნაულმა.