დღეს, დილის ექვსი საათისთვის, გურიაში მზე გამოჩნდა და თერმომეტრი 10 გრადუს სითბოს უჩვენებს. ბოლო წლების განმავლობაში, გურულებს ასეთი უჩვეულოდ ცივი და წვიმიანი მაისი არ ახსოვთ და ხალხი, განსაკუთრებით მოსავლის შემყურე ადამიანები, ყოველი გათენებისას ცას აკვირდებიან, მზე თუ ჩანს, ღრუბლები როგორი ფერისაა და ქარი საიდან უბერავს.
ცუდი ამინდების გამო, გლეხების უმრავლესობას დათესილი არ აქვს საყანე ფართობები, ასევე ვეგეტაციის პერიოდი ძალზე ნელი ტემპით ხდება აგრარულ კულტურებში და უჭირს მუშაობა ფუტკარს, რომლის შთამაგონებელი ზუზუნი, კარგა ხანია, გაუთავებელი წვიმების შხაპუნმა ჩაანაცვლა.