დღეს საქართველოში სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე აიღნიშნება. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს კი დამატებითი თემატური დატვირთვა „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ მიეცა და დამოუკიდებლობის დღის გარდა, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესაც მიეძღვნა.
თბილისში, რუსთაველის გამზირი დილიდან გადაიკეტა და დიდებისა თუ პატარებისთვის გასართობი სხვადასხვა ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა მნიშვნელობა აქვს 26 მაისს თბილისის მოსახლეობისთვის, რის გასარკვევადაც, ღონისძიებეზე მისული მოქალაქეების ნაწილი შემთხვევითი შერჩევითი მეთოდით გამოვკითხეთ.
თამარ ასანიძის თქმით, 26 მაისი დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან ასოცირდება.
„ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ დღესასწაულზე მოვიდე. ჩემთვის თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. მინდა რომ ყოველთვის დამოუკიდებლები ვიყოთ და ერთიან გაბრწყინებულ და ძლიერ საქართველოში ვიცხოვორთ“,_ამბობს ასანიძე.
ნატო ავალიშვილს კი მოსწონს, რომ რუსთაველის იუბილე პირველად აღინიშნება.
„26 მაისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეა. წელს ძალიან განსხვავებული ღონისძიებებია 26 მაისისადმი მიძღვნილი. პირველად აღინიშნება შოთა რუსთაველის იუბილე, რაც ძალიან მომწონს“,_ამბობს ავალიშვილი.
როგორც გია ჯაფარიძე ამბობს, 26 მაისი ქართველების ასწლეულის ძალისხმევის და გეოპოლიტიკური გარდატეხების შედეგად მოპოვებული დამოუკიდებელი რესპუბლიკის დღეა.
„26 მაისი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღე, ხოლო თავისუფლების დღედ, უფრო 9 აპრილი მიმაჩნია. 26 მაისი არის ქართველების ასწლეული ბრძოლის, ძალისხმევის და გეოპოლიტიკური გარდატეხების შედეგად მოპოვებული დამოუკიდებელი რესპუბლიკის დღე, მანამდე რესპუბლიკა არ გვქონია. რაც შეეხება აღნიშვნის ამ სახეს, მომწონს. სულელურია, რუსთაველის 850 წლის იუბილის აღნიშვნა, რადგან ჩვენ ზუსტად არ ვიცით რუსთაველი როდის მოღვაწეობდა, მისი ნამდვილი სახელ-გვარიც უცნობია ჩვენთვის. შოთა თეიმურაზის მოტანილი სახელია. უფრო სწორი იქნებოდა რამე დღე რომ დაგვეარსებინა რუსთაველის სახელობის და აგვეღნიშნა, მაგრამ არა იუბილე, რადგან ზუსტად არავინ იცის 850 წელია თუ 870 წელი გასული“,_ თქვა ჯაფარიძემ.
თამარ თაბუკაშვილისთვის კი, დღევანდელი დღე სახალხო დღესასწაულს ნიშნავს.
„26 მაისის მნიშვნელობა გვიან ასაკში გავაცნობიერე, მაგრამ დღეს ნიშნავს ნამდვილ სახალხო დღესასწაულს. ნამდვილად ვემხრობი იმას რომ ეს დღე ასე აღინიშნოს და სახალხო დღესასწაულად იქცეს. ჩემს შვილს გაუჩნდა კითხვები თუ რას ნიშნავს ეს დღე, რატომ მოვედით აქ და მის ასაკშიც კი შესაძლებელი გახდა ამეხსნა, რომ დღეს ჩვენთვის თავისუფლების, დამოუკიდებლობის დღეა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება“,_ამბობს თაბუკაშვილი.
ხრიდოლის ფედერაციის წევრის, ნუცა ცისკარიშვილის თქმით, 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში.
„1918 წლის 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია ქართულ ისტორიაში, რადგან ,ამ დღეს, რუსული იმპერიისგან ქართველმა ხალხმა თავი იხსნა და დიდი ბრძოლის შედეგად დამოუკიდებლობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნიანი იყო და ფაქტობრივად, შემდეგ საბჭოთა კავშირმა დაგვიპყრო. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, იმიტომ რომ იმ პერიოდში ქართველი მეობა თუ ქართული სული ხელახლა გაცოცხლდა. ის ჩამკვდარი სული, რომელიც მანამდე იყო რადგან მოვერიეთ ვერანაირად რუსულ იმპერიას ერთიანად, ამით კი გავიმარჯვეთ. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ 9 აპრილსა გვაქვს დამოუკიდებლობა მოპოვებული, 26 მაისს ავღნიშნავთ, რადგან ეს თარიღი ქართველი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“_ამბობს ცისკარიშვილი.
ნანა კულუასთვის კი 26 მაისი თავისუფლებას ნიშნავს.
„ჩემთვის 26 მაისი თავისუფლებას ნიშნავს, ამნუ ქართველ ხალხს სხვისი მითითებების გარეშე შეუძლია ცხოვრება“,_ამბობს კულუა.