სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს.
„მოსამართლემ ამიხსნა, რომ მას არ აქვს საფუძველი, რომელი ნორმა მიუთითებს, რომ მომცეს ამის უფლება. მითხრა, რომ შემდგომ პროცესამდე გადაწყდებოდა. მე ვუთხარი, რომ არსებობს ორგანული კანონი, რითიც ეს საკითხი რეგულირდება. სახალხო დამცველი რეგულირებას უწევს ადამიანის უფლებებს. ის საპროცესო კოდექსით აპელირებს. ეს ერთგვარი კაზუსია, თუმცა სახალხო დამცველს გააჩნია ეს უფლებამოსილება“, – განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა.
პროცესის დაწყების წინ, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მას დახურულ პროცესზე წვდომა აქვს, რის გამოც, მან ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე დასწრება მოითხოვა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. პროცესზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ. შესავალი სიტყვის წარმოთქმა დაგეგმილი იყო წინა პროცესზე, თუმცა სხდომა დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა.
დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პროტესტს აღარ გამოთქვამს და 30 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება. 19 მაისს, დეკანოზის პროტესტი გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ, რომლითაც მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დახურა.
საქმის საჯარო განხილვის მომხრე იყო თავად ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა და უწყების მოთხოვნები სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
1tv.ge