სახალხო დამცველის დახურულ სხდომაზე დასწრების საკითხზე სასამართლო მომდევნო სხდომაზე იმსჯელებს, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ბრალდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და მონიტორინგის განხორციელების სურვილი გამოთქვა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების შუამდგომლობით, რომლებმაც მოითხოვეს საქმის მასალების გაცნობა, დღევანდელი სასამართლო განხილვა 9 ივნისს 13:00 საათზე გადაიდო.
მათივე ცნობით, გარდა აღნიშნულისა, მომდევნო სხდომისათვის სახალხო დამცველმა და მხარეებმა სასამართლოს უნდა წარუდგინონ არგუმენტირებული და სამართლებრივად დასაბუთებული შუამდგომლობა სახალხო დამცველის დახურულ სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს უჩა ნანუაშვილი “ციანიდის საქმის” დახურულ პროცესზე არ დაუშვეს.