ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ვაკანტურ პოზიციაზე დასამტკიცებლად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის, ადვოკატისა და უფლებადამცველის, ქეთევან ბექაურის კანდიდატურა წარუდგინა. ორგანიზაციამ ქეთევან ბექაურის კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს 2017 წლის 30 მაისს, ოფიციალური წესით, უკვე წარუდგინა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ქეთევან ბექაური აკმაყოფილებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენისთვის დადგენილ კრიტერიუმებს და შესაძლებლობებს, სარგებლობს მაღალი პროფესიული და პიროვნული რეპუტაციით.
„ქეთევან ბექაური ქართული საზოგადოებისა და პროფესიული წრისთვის, ცნობილი იურისტი, ადვოკატი და უფლებადამცველია, რომელიც ამჟამად საქმიანობს და მოღვაწეობს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის პოზიციაზე. მისი მრავალწლიანი საქმიანობა მთლიანად დაკავშირებულია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან. გახლავთ არაერთი მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმის წარმომადგენელი. სასამართლო რეფორმის, ადვოკატის როლის გაზრდის, მხარეთა პროცესუალური თანასწორუფლებიანობის დამკვიდრების და განგრძობითი იურიდიული განათლების უზრუნველყოფის პროცესში, საკუთარი წვლილი შეჰქონდა პროფესიული გაერთიანების, სხვადასხვა კომისიის წევრობითა და სამეცნიერო მოღვაწეობით. 2014-2017 წლებში, გამოქვეყნებული სამართლის აქტუალურ საკითხებზე, წარმოდგენილი აქვს 10-ზე მეტი ნაშრომი, კვლევა და მოსაზრება. მისი განსაკუთრებული მოღვაწეობა ნიშანდობლივია მოსამართლეთა პროფესიული ეთიკის საკითხებზე წარმოდგენილი ნაშრომებით, რომელიც არაერთი ქვეყნის შედარებით ანალიზსს მოიცავს.
ქეთევან ბექაური არის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტის (მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები და მათი განმარტებები) და სადისციპლინო კოლეგიის არამოსამართლე წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის და მასზე თანდართული მოსაზრებების თანაავტორი. 2013 და 2015 წლებში, საქართველოს პარლამენტის მხრიდა, ქეთევან ბექაური ორჯერ იქნა არჩეული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად, რაც დამატებით ხაზსს უსმევს თავის გამოცდილებას და პროფესიულ შესაძლებლობებს. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ქეთევან ბექაური, რომელიც კარგად იცნობს საერთო სასამართლოების საქმიანობას და სისტემას, წარმოდგენილი კონკურსისთვის შესაფერისი, ღირსეული და კონკურენტუნარიანი კანდიდატია. ამიტომაც, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს წარდგენილ კანდიდატს”, _ აცხადებენ ორგანიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ერთხელ უკვე მიიღო მონაწლეობა კონკურსში კანდიდატის წარდგენის მიმართულებით. 2017 წლის 23 მარტს, საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე ორგანიზაციის მიერ წარდგენილ შოთა ქადაგიძის კანდიდატურას მხარდაჭერა გამოუცხადა.
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრის არჩევისთვის კონკურსი 2017 წლის 16 მაისს გამოაცხადა და პროცესი 4 ივნისს სრულდება.