შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
“პარალელურად, მიმდინარეობს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. როგორც კი დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები, საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია” _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ აკეთებენ კომენტარს როგორ მოხვდა თბილისში გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანში, თანაც ისე, რომ პასპორტი საქართველოში დატოვა.
ჟურნალისტის ადვოკატის, ელჩინ სადიყოვის ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის თბილისში საცხოვრებელ სახლთან სამი პირი დაესხა თავს. მისივე ინფორმაციით „ის ნაცემია და ამბობს, რომ მოტეხილობებიც აქვს”
“ყვება რომ თბილისში 3 ადამიანი დაესხა თავს, რომლებიც მისი აზრით ქართველები იყვნენ. მას თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სცემეს. ის ამბობს, რომ ეს ადამიანები სპეცრაზმელები იყვნენ. შემდეგ კი ბაქოში ჩამოიყვანეს და ჯიბეში ფული ჩაუდეს. ამჟამად მას ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და კონტრაბანდა”- აღნიშნავს ელჩინ სადიყოვი.