ასოციაცია – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ მოსამართლეების მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ 30 მაისს, ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადება, სადაც შეფასებული იყო თუ რა სტანდარტი აქვთ დადგენილი საბჭოს წევრებს კანდიდატთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასებისთვის, გამოქვეყნდა წევრებთან შეუთანხმებლად.
როგორც დღეს ასოციაციის თავმჯდომარემ მაია ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასოციაციის წევრობა 20 მოსამართლეს შეუწყდა.
„ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული მოსაზრებები არა მარტო მოსამართლეებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია და ეს შეფასებები გაკეთებულია არაერთ საჯარო გამოსვლასა თუ განცხადებაში, მათ შორის შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის 2016 წლის აგვისტოს განცხადება.
30 მაისს გავრცელებული განცხადება, ისევე როგორც სხვა განცხადებები, გავრცელდა ნამდვილად წევრებთან შეუთანხმებლად, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ, რომელიც წესდების თანახმად წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას, იხილავს ორგანიზაციაში არსებულ პროექტებს და მის ძირითად მიმართულებებს.
ორგანიზიაცია წარმომადგენლობით მართვაზეა დაფუძნებული დაგანცხადების შინაარსს დაეთანხმა გამგეობის ყველა წევრი.
ის რაც მოხდა გუშინ,არის ლოგიკური გაგრძელება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და დადასტურება იმ სამწუხარო რეალობისა, რომ სასამართლო მოწყდა საზოგადოებას და მის სადავეებთან მყოფი პირები ცდილობენ სრულად ჩაახშონ იქ არსებული განსხვავებული აზრი.
გუშინდელი წევრთა განცხადებები არის მათი უფლება და ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომდააკმაყოფილა ისინი სასწრაფო რეჟიმში, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა სასამართლოში არსებული ვითარების გამო საკითხის სწრაფი გადაწყვეტა მნიშვნელოვანი იყოს მათთვის. ორგანიზაცია ამ ეტაპზე არ გამორიცხავს რომ შესაძლოა სხვა წევრებმაც დატოვონ ასოციაცია.
ორგანიზაციის გამგეობა გასულ წევრთა ვერცერთ მათ ბრალდებას ვერ მიიღებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ განცხადების პათოსს და შინაარსს ორგანიზაციის ყველა წევრი ეთანხმებოდა მთელი ოთხი წლის განმავლობაში და არავის გამოუთქვამს აზრი პრიორიტეტების ცვლილებასთან დაკავშირებით შეხვედრებზე, კრებებზე ან პირად საუბრებში,ხოლო წესდებით დადგენილი მმართველობითი ფორმა ყველა წევრისთვის ცნობილია.
ორგანიზაციის წევრობა ნებაყოფლობითია და ყველას შეუძლია საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა.ორგანიზაციის არსებობის მანძილზეამ ნების გამოხატვაში არასდროს არავინ შეზღუდულა. ასოციაციისდაარსებიდან მხოლოდ ერთმა წევრმა დატოვა ორგანიზაცია. ასოციაცია მიიჩნევს, რომ ეს მისი უფლება იყო და პატივს სცემს გადაწყვეტილებას.
ორგანიზაცია ამ ეტაპზე აგრძელებს საქმიანობას ჩვეულებრივ რეჟიმში, მიუხედავად წევრთა რაოდენობისა, გრძელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტ „პროლოგის“ მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ასოციაცია კვლავ გააგრძელებს მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნა დაწინაურების პროცესის ანალიზს და მნიშვნელოვან სიახლეებს შესთავაზებს ხელისუფლებას და ფართო საზოგადოებას სასამართლოს რეფორმირების საკითხზე“, _ აღნიშნა ბაქრაძემ.
ამავე თემაზე:
რატომ დაუპირისპირდნენ მოსამართლეები “მოსამართლეთა ერთობას”
რაში ადანაშაულებს “მოსამართლეთა ერთობა” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს