1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რის გამოც, მთელი ქვეყნის მასშტაბით პატარებისთვის სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.
სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში, “გლდანი მოლში” მდებარე “ბასტი ბუბუს” დაბადების დღის ცენტრში ფოტოგრაფმა ცისია ამუზაშვილმა პერსონალური ფოტო გამოფენა გამართა, რომლის თემაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები არიან.
გამოფენა დღეს საღამოს 20:00 საათამდე გაგრძელდება და ნებისმიერ დამთვალიერებელს აქვს საშუალება ნახოს.
როგორც ფოტოგრაფი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, გამოფენის მიზანი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ადაპტირებაა.
„მინდოდა, 1 ივნისთან დაკავშირებით, რადგან ბავშვთა დაცვის დღეა, ჩემი პირადი ფოტო-გამოფენა გამეკეთებინა. თემად კი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები ავირჩიე და გადავწყვიტე მათთვის 1 დღე გამეფერადებინა იმიტომ, რომ ამ დაავადების მქონე ბავშვებისთვის მსგავსი ღონისძიებები იშვიათია,“_ ამბობს ამუზაშვილი.
მისივე თქმით, გამოფენის გაკეთების იდეა ერთი თვის წინ გაუჩნდა.
„გამოფენის გაკეთების იდეა ერთი თვის წინ გაჩნდა და ამ დროში მოვასწარით ბავშვების გადაღება, როგორც სტუდიაში ასევე ბუნებაში. ისინი გადაღების დროს ძალიან ჭკვიანები, საყვარლები, მეგობრულები და თბილები იყვნენ. გამოფენაზე ჩემს მიერ გადაღებული 26 ფოტოა წარმოდგენილი, რომლებიც ღონისძიების დასრულების შემდეგ ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ,“_აღნიშნა ამუზაშვილმა.
მისივე თქმით, აქციაში სხვადასხვა ორგანიზაციებიც ჩაერთვნენ.
„უფასო ღონისძიებას, დაუნის სინდრომის მქონე სხვადასხვა ასაკის 13 ბავშვი დაესწრო. ამ აქციაში სხვადასხვა ორგანიზაციებიც ჩაერთნენ და ბავშვები დაასაჩუქრეს,“_ ამბობს ამუზაშვილი და აღნიშნავს, რომ „ბავშვთა დღის აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ვფიქრობ, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ქვეყანაში. როგორც ვიცი, დღეს ბევრი ღონისძიება ტარდება ბავშვებისთვის. მინდა, ყველა ადამიანმა თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, როგორც დღეს მე შევიტანე“.
როგორც ცნობილია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს დაარსდა, ხოლო პირველად 1950 წელს პირველად აიღნიშნა. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა განვითარებისთვის.