ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლის, ჟურნალისტ გიორგი მგელაძის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქართველოდან გაყვანაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ძალოვან მინისტრებს ეკისრება.
„მომხდარი, რა თქმა უნდა, არის პრობლემა და ამიტომაც ვართ აქ შეკრებილი. ასე დაუსაბუთებლად ასე არაინფორმირებულად ამდენი დღის განმავლობაში იქცევა ხელისუფლება. არ გვაწვდის ინფორმაციას თუ როგორ და რა პირობებში მოხდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება. უკვე მესამე დღეა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია თუ დაიწყეს გამოძიება და გვითხრან ამ გამოძიების შედეგები.
თბილისში, დღისით, მზისით, როცა უამრავი ე.წ. სათვალთვალო კამერაა, შეუძლებელია ადამიანი ისე გაუჩინარდეს, რომ ამ კამერებმა არ აღბეჭდონ. ამიტომ თუ ჩვენი ხელისუფლება როგორც თავად აცხადებს, არ არის გარეული ამ ამბავში აქტიურად თუ პასიურად, ეთილი ინებოს და ის, რაც საზოგადოებას, ჟურნალისტებს გვაინტერესებს წარმოგვიდგინოს და ამაში დაგვარწმუნოს.
სამწუხაროდ, დღემდე აკეთებენ სულელურ განცხადებებს, შს მინისტრი გამოვიდა და პრესის მიმოხილვა შემოგვთავაზა, ნაცვლად იმისა, რომ გამოძიების მიერ მოძიებული მტკიცებულებები რაღაც ანალიზი ეჩვენებინა ჩვენთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს აქციები უნდა გაგრძელდეს“, _ აღნიშნა მგელაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტები ჩვენს ქვეყანას ძალიან აზარალებს.
„ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვაწუხებს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეგიონში ვიყავით მოწინავე ქვეყანა და გვინდა რომ ეს შევინარჩუნოთ. და არ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნიდან ჩვენი კოლეგები ასე მოულოდნელად, დაუსაბუთებლად, აუხსნელად უჩინარდებოდნენ.
ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში, არის ხელისუფლების პასუხისმგებლობის არეალში, თუ ჩვენი ხელისუფლება არ არის ამ ამბავში გარეული მაშინ გვაჩვენოს მტკიცებულებები. თუ ამაში ვერ დაგვარწმუნებენ, ვფიქრობ, პასუხი უნდა აგონ ვიღაცეებმა თუნდაც ძალოვანმა მინისტრებმა, რომლებსაც ევალებათ ელემენტარულად ადამიანის უფლების, თავისუფლების დაცვა ქვეყანაში“, _ განაცხადა გიორგი მგელაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ იგივე მოთხოვნებით, აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციები ორი დღის წინ მთავრობის კანცელარიასთან, გუშინ კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართეს.
ცნობისთვის, აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანი თბილისში, სოლოლაკის ტერიტორიიდან 29 მაისს დაიკარგა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მუსტაფაევას აინტერესებს, როგორ გადაკვეთა მუხტარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი თბილისში, სახლში ჰქონდა დატოვებული. მუსტაფაევას აქციაზე სწორედ ეს პასპორტი აქვს მოტანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ორი დღის წინ განაცხადეს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ სამი ბრალი წაუყენა, სასამართლომ კი ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
ამავე თემაზე:
„ამას არა აქვს არანაირი გამართლება“ _ საიას იურისტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე
სუს-ის შენობასთან აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს
SOCARთველო“… „დაიცავი“_ ჟურნალისტის მხარდამჭერი აქცია სუს-თან (ვიდეო)