საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიებს: შპს ,,FLY ADJARA”-ს და შპს ,,ავიატორს” დაუბრუნდებათ 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ თვითნებურად და უკანონოდ დაუფლებული საფრენი აპარატები: ვერტმფრენები და 2 თვითმფრინავი.
დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ დაუფლების მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ,,FLY ADJARA”-ს 2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა 10 ცალი „EXEC162F” საფრენი აპარატის კომპლექტი, ხოლო შპს ,,ავიატორს” 2010 წლიდან კანონიერ საკუთრებაში გააჩნდა ერთი comp air 8″ მოდელის 6-8 ადგილიანი თვითმფრინავი და ერთი „comp air 10″ მოდელის 7-10-ადგილიანი თვითმფრინავი, ასევე 3 ერთეული „EXEC162F” საფრენი აპარატი.
2012 წლის გაზაფხულზე, აღნიშნული საფრენი აპარატები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ინტერესის ქვეშ მოექცა და მათი უკანონოდ დაუფლება გადაწყვიტეს. ამ მიზნით, თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტზე დაქვემდებარებულმა თანამშრომლებმა მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე შპს ,,ავიატორის” ანგრებიდან ხსენებული საფრენი აპარატები ამწის გამოყენებით ტრაილერებზე დატვირთეს და მათი შემდგომი გამოყენების და დაუფლების მიზნით ქ.თბილისში 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოიტანეს, რის შედეგადაც მესაკუთრეებს ჩამოერთვათ მათი ქონების ფლობისა და განკარგვის შესაძლებლობა.
პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შპს ,,FLY ADJARA”-ს წარმომადგენელს ნოდარ კაკაბაძეს და შპს ,,ავიატორის” წარმომადგენელს ჯუმბერ დიასამიძეს დაუბრუნდებათ ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე განთავსებული და დასაწყობებული 2 ერთეული comp air 8 და comp air 10 ტიპის თვითმფრინავი, 3 ერთეული „EXEC162F” ტიპის შვეულმფრენი და იმავე ტიპის 10 ერთეული შვეულმფრენის ასაწყობი კომპლექტი.
რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, მათ მიმართ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. (R)
პატივისცემით,