ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი, მარიხუანა და ექსტაზი _ ამ ნარკოტიკული ნივთიერებების შეკვეთას და შეძენას “ვაიბერის“ ქართველ მომხმარებლებს სმს შეტყობინებით ისევ სთავაზობენ.
“გურია ნიუსს” ორი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც აღნიშნავენ, რომ მათ შეტყობინებები დღეს მიიღეს.
მათივე თქმით შეტყობინების გამომგზავნი ვინმე “ალინაა”, ხოლო შინაარსი უცვლელია:
“თუ გსურს, შეიძინო ნარკოტიკული საშუალებები,მოგვწერეთ სმს-ის საშუალებით და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდეგ ჩვენი კურიერი მოგაწვდით”, _ აღნიშნულია შეტყობინებაში.
“ისიც კი არ ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, ვის შევატყობინო. დღეს დილით დამხვდა შეტყობინება ტელეფონზე. ვინმე “ალინა” მიგზავნის და ნარკოტიკების შეძენას მთავაზობს”, _ აღნიშნავს ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან საუბრისას.
„გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით აცნობა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება ისევ მიმდინარეობს, მოქალაქეებს კი ურჩევენ, რომ სმს-ის ავტორს არ დაეკონტაქტონ.
„გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს“, _ აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ „ვიბერით“ ნარკოტიკული საშუალებების შეძენის შეთავაზებასთან დაკავშირებით გამოძიება მაისის დასაწყისში დაიწყო. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ინტერნეტსაიტის მეშვეობით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით რუსეთის მოქალაქეები დააკავეს.
მათივე გავრცელებული ინფრომაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე: 1980 წელს დაბადებული დმიტრი უ. და 1974 წელს დაბადებული ვიტალი ლ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდნენ. ისინი შეკვეთებს ინტერნეტსაიტის მეშვეობით იღებდნენ და ნარკოტიკებს თბილისის სხვადასხვა უბანში, კონკრეტულ მისამართებზე ტოვებდნენ.
სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 186 შეკვრად დაფასოებული 333,15 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“, 2 შეკვრად დაფასოებული ამფეტამინი, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 177 აბი და 2 ნატეხი ამოიღეს. პოლიციამ, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომანქანის ჩხრეკისას, 1 კილო და 540,25 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება – ე.წ. „ბიო“; 887,74 გრამი ამფეტამინის შემცველი ფხვნილი; ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა“-ს შემცველი 91 აბი და 29 ნატეხი ამოიღო.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოღებულია ბრალდებულების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული 22 შეკვრა ე.წ. ,,ბიო“. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, _ აცხადებენ შსს-ში.
ამავე თემაზე:
ჰაშიში, ჰეროინი, კოკაინი…_სახიფათო შეთავაზება ნარკოტიკების შეძენის მსურველთათვის