ამერიკელი ასტრონომების განცხადებით, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ მზის სისტემაში მე-9 პლანეტა არსებობს. როგორც კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები აცხადებენ, მათ ჯერჯერობით არ აქვთ პლანეტაზე პირდაპირი დაკვირვების შესაძლებლობა. მე-9 პლანეტის სავარაუდო არსებობა სხვა სხეულების მოძრაობის ტრაექტორიის საშუალებით აღმოაჩინეს.
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა არ იციან, ზუსტად სად არის პლანეტა, მის სავარაუდო ზომაზე მაინც საუბრობენ. მათი ვარაუდით, თუ დადასტურდა პლანეტის არსებობა, ის დედამიწაზე 10-ჯერ დიდი იქნება. ინსტიტუტის მეცნიერების განცხადებით, არსებობს ისეთი ტელესკოპები, რომლებიც შეძლებენ პლანეტის აღმოჩენას.
პლანეტა, სავარაუდოდ, მზისგან ძალიან შორს არის. დღეისთვის არსებული ინფორმაციით, ყველაზე შორი პლანეტა ნეპტუნია, რომელიც მზიდან 4,5 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო ახალი პლანეტა სავარაუდოდ ნეპტუნზე 20-ჯერ უფრო შორს არის მზისგან. ასეთ შემთხვევაში, პლანეტას მზის გარშემო წრის დასარტყამად დაახლოებით 20 ათასი წელი დასჭირდება.
ინსტიტუტის მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მე-9 პლანეტის შესაძლო არსებობის შესახებ უბიძგებს ასტრონომებს, რომ დაიწყონ ამ პლანეტის აქტიური ძებნა.