თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის თავმჯდომარე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე ჩვენი ხედვა წარვადგინეთ, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს თავისი დეცენტრალიზაციის სტრატეგია უნდა ჰქონდეს თავისი ყველა კომპონენტით, მათ შორის ფისკალური კომპონენტებით. ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დავუახლოვდეთ საშუალოვადიან პერსპექტივაში თვითმმართველობის სისტემის ევროპულ სტანდარტს, ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულება თანმიმდევრული გეგმის შესაბამისად უნდა მოხდეს.
რაც შეეხება შვიდი ერთეულის გაერთიანებას, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტი წარვადგინეთ. მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულ ლოგიკაზე უნდა იყოს აგებული თვითმმართველობის სისტემა და ეს ლოგიკა ნებისმიერი ერთეულისთვის საერთო მიდგომას უნდა წარმოადგენდეს. ურბანული და არაურბანული დასახლებები არიან ურთიერთქმედებაში და ამ ლოგიკურ პრინციპს ვუბრუნდებით ჩვენ ამ შვიდ ერთეულშიც.
დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ნიშნავს მეტი უფლებამოსილების და რესურსის გადაცემას ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, საუბარია დამატებითი კომპეტენციების მინიჭებაზე. დღევანდელი მონაცემებით თვითმმართველი ერთეულების შემოსავლების ხვედრითი წილი, მთლიან შიდა პროდუქტთან, დაახლოებით 4.8%, რაც ევროპულ მინიმალურ სტანდარტზე ბევრად ნაკლებია, რომელიც დაახლოებით 7%-ს შეადგენს. ჩვენი ამოცანაა დავუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს, პირველ რიგში ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით, რაც რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს რამდენჯერმე გაზრდის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ.