აზერბაიჯანი და საქართველო ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე, საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომსახურების გაუმჯობესებას აპირებენ. აღნიშნულ ინფორმაციას AZERNEWS საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, აიდინ ალიევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნება აუცილებელი ლაბორატორია ფიტოსანიტარული, ვეტერინარიის და სხვა სახის კონტროლის განსახორციელებლად, ხოლო აზერბაიჯანი, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით და ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ააშენებს დიდ ლოჯისტიკურ ცენტრს“, _ განაცხადა ალიევმა გაზეთ SPUTNIK GEORGIA-სთან.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი 2017 წლის მარტში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
პროექტის განხორციელება აზერბაიჯანს 1.3 მილიარდი დოლარი უჯდება. პროექტის საერთო ღირებულება კი 3 მილიონ ევროს შეადგენს.
მაუწყებლის ცნობით, აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შაჰირ ბაღიროვმა, ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ პროექტის ხარჯებს გადახედვა უნდა.
როგორც ცნობილია, საქართველო აზერბაიჯანის საზღვრის საერთო სიგრძე 480 კილომეტრია. წითელი ხიდის გარდა საქართველოს და აზერბაიჯანის გამშვები პუნქტია გარდაბანი, მტკვარი, ლაგოდეხი და სამთაწყარო.
წითელი ხიდი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გადაადგილების გზაა თბილისიდან განჯამდე. მას წითელი ხიდი ეწოდა, იმის გამო, რომ მდინარე ხრამის ნაპირებზე არის წითელი აგურით ნაშენები თაღოვანი ხიდი.
მაუწყებლის ცნობით, დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1992 წლის 18 ნოებერს დამყარდა.
გავრცელებული ცნობით, ეს ორი ქვეყანა, ენერგეტიკის განვითარების, ტრანსპორტისა და ეკონომიკური პარტნიორობის პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ყარსი-თბილისი-ბაქო სარკინიგზო მაგისტრალი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა და ასევე TRACECA, ფართოდ თანამშრომლობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში მოიცავს ცემენტს, ლოკომოტივებს და სხვა სახის სარკინიგზო ტექნიკას, მინერალურ და ქიმიურ სასუქებს, მინერალურ წყლებს, ძლიერ სასმელებს, მინას და მინის ნაწარმს.
აზერბაიჯანს კი საქართველოში ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, პლასტმასის ნივთები, ავეჯი და სამშენებლო მასალები შეაქვს.
2016 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 153 მილიონი დოლარი შეადგინა.