ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ შეხვედრა გამართა გურიის რეგიონის ფერმერებთან, სადაც მრავალ ისეთ პრობლემაზე ისაუბრეს, რაც სოფლის, მშრომელი ადამიანის უმთავრესი გასაჭირის მიზეზს წარმოადგენს და თავისთავად, სოფლის მეურნეობის განვითარებას მრავალი წელია, აბრკოლებს.
ფერმერებთან შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ფერმერთა პრობლემების იდენტიფიცირება და მათთვის ახალი ინიციატივის _ ფერმერთა სათათბიროს ფორმირების გაცნობა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ფერმერებთან ვრცლად ისაუბრა პრობლემებზე, რომელიც არსებობს დღეისთვის საქართველოს სოფლებში და რაც ხელს უშლის სოფლის მეურნეობის განვითარებას.
შეხვედრაზე განიხილეს ფერმერთა სათათბიროში წევრობისთვის დელეგატთა შერჩევის წესი და პროცედურები, რაც ემყარება სათათბიროს კანდიდატთა სარეგისტრაციო ფორმის შევსებას.
ნინო ზამბახიძემ ხაზგასმით მიანიშნა, რომ სათათბიროს წევრობის მსურველი არც ერთი პარტიის წევრი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აქ ვერ მოხვდება. გარდა ამისა, ფერმერთა ასოციაცია ფერმერთან ათანხმებს სარეგისტრაციო ფორმას, რაც გულისხმობს, რომ მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სხვა წყაროების მეშვეობით მოიპოვოს, ხოლო შერჩევის მომდევნო ეტაპზე გადასვლისას მოეთხოვება ცნობა ნასამართლეობის და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ.
შეხვედრის მონაწილე ფერმერებს სათათბიროს წევრთა შერჩევის წესი მოეწონათ:
“ბევრს საუბრობენ, რომ სოფლის მეურნეობა იქცა პრიორიტეტულ დარგად და მისი განვითარებისთვის სახელმწიფო ზრუნავს, თუმცა, ჩვენთან ეს არანაირად არ ეტყობა საკუთრივ სოფელს, მის მცხოვრებთა უმრავლესობას. არსებობს ცალკეული ნათელი წერტილები _ ერთეული წარმატებული ფერმერები, თუმცა, თუ თვალს გადავავლებთ, პროცენტულად ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. სოფლის მცხოვრებთა თითქმის 70% გაჭირვებაში ცხოვრობს და მიწასთან მუშაობას გლეხი ვერ ახერხებს სათანადო თანამედროვე სამუშაო ტექნიკის უქონლობის გამო, ძირითადად, ის დამოკიდებულია შრომის მამა-პაპურ იარაღებზე. დაბალი ფენისთვის არ არსებობს იაფი კრედიტი”, _ თქვეს ფერმერებმა.
ცნობილმა მეფუტკრე ქალბატონმა, ლალი ჩანქსელიანმა ისაუბრა მეფუტკრეობაში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ შეშფოთებულია მავნებელ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიების გატარების გამო, რაც შეწამვლით სამუშაოებს ითვალისწინებს და დიდ საფრთხეს უქმნის ფუტკარს:
_ რაიმე რომ მოხდეს და 15 წლის ნაშრომი 100 ათასი ლარის ქონება დამეკარგოს და გამინადგურდეს, პასუხისმგებელი ვინაა? იქნებ, თქვენ, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა გამცეთ პასუხი? მე არ ვარ შეწამვლის წინააღმდეგი, მაგრამ ასე ნამდვილად არ შეიძლება. წავიკითხე ინსტრუქცია. ეს არის ძალიან საშიში ნივთიერება, როგორც ფუტკრისთვის, ისე პირუტყვისა თუ შინაური ფრინველისთვის. მოგვმართავენ, რომ თხილის პლანტაციები უნდა იყოს გაცელილი, მაგრამ როგორ უნდა გაცელო ისე, რომ ერთი ძირი სამყურას ყვავილი შემთხვევით არსად დარჩეს? მე თხილიც მაქვს, მარტო მეფუტკრე არ ვარ და მაინტერესებს, რომ დამეღუპოს ამდენი ხნის ნაწვალები, წარმატებული საქმე, ზარალს ვინ ამინაზღაურებს? საწყალი გლეხი, სოციალურად გაჭირვებული ფენის წარმომადგენელი, რომელიც დაიქირავეს და გარკვეული გასამრჯელოს ფასად უნდა შეწამლოს მწვანე მასივები. მას მოვთხოვო პასუხი? ეს რატომ არ არის გარკვეული? _ დასვა კითხვა ჩანქსელიანმა.
ჩანქსელიანს შეახსენეს, როგორ უფრთხოდა ხალხი ამერიკული პეპელას საწინააღმდეგო ღონისძიებებს, მაგრამ ამ მავნებლისგან თავი დავიხსენით. ლალი ჩანქსელიანმა აქაც შეახსენა შეკრებილებს, რომ არა ერთ ფერმერს სწორედ ამერიკული პეპელას საწინააღმდეგო შესხურების დროს დაეღუპა ფუტკარი, ზოგს ერთბაშად, ზოგს _ ნაწილ-ნაწილ:
“ჩემი შიში უსაფუძვლო არ არის და მეტი პასუხისმგებლობის აღება მართებთ”, _ თქვა მან.
ნინო ზამბახიძემ ლალი ჩანქსელიანს უთხრა, რომ გულთან მიაქვს მისი საწუხარი:
“ახლა მხოლოდ ის შემიძლია, დავუკავშირდე სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ამის შესახებ ვკითხო”, _ თქვა მან.
ფერმერთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც იმედი გამოთქვეს, რომ ყველა მოთხოვნა იქნება დაცული, რასაც მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიების დროს ითხოვენ და საშიშროება მინიმალურიც არ იქნება.
შეხვედრაზე დაისვა კითხვები, იღებენ თუ არა მონაწილეობას ფერმერები ისეთ პროექტებში, როგორიცაა: “აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი” და სხვა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პროექტ “აწარმოე საქართველოში” მონაწილეებს, მიუხედავად იმისა, რომ ითხოვენ სოფლის მეურნეობის მიმართულების საქმიანობაში დახმარებას, იშვიათად აფინანსებენ. ყურადღება უფრო გადატანილია ტურისტული სასტუმროების მოწყობასა თუ სალონების გახსნის დაფინანსებაზე:
_ სწორედ ამიტომ იქნება ძალიან დროულია ფერმერთა ასოციაციაში სათათბიროს შექმნა. ეს იქნება პირდაპირი ხაზი მშრომელ ადამიანთან, ვისგანაც ზემდგომი ზუსტად იქნება ინფორმირებული, რა სურს მას, მესამის დახმარების თუ ჩარევის გარეშე.
საქართველოს ფერმერთა ასოციაცის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, “გურია ნიუსი” სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს ნინო შეწირულს ესაუბრა. კითხვაზე _ ვინ არის პასუხისმგებელი ზარალის შემთხვევაში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიების გატარების დროს, შეწირული პასუხობს, რომ პასუხისმგებელია მეფუტკრე.
_ პასუხისმგებლობას იღებს თვითონ მეფუტკრე, სხვა არავინ! თითოეული ფერმერი! საქმე იმაშია, რომ ჩვენგან მითითებული ნორმების დაცვისთვის უნდა იზრუნოს ყველამ. კერძოდ, ეს არის სათხილე პლანტაციების, ეზოების კარგად გაპარსვა ბენზოცელით. შეწამვლა უნდა მოხდეს საღამოს იქ, სადაც ფუტკარია. ამ დროს ჩაიკეტება სკები და მეორე დღეს უკვე საშიშროება არ იქნება. გარდა ამისა, შეწამვლის ჭავლის ქვეშ არ უნდა მოექცეს სკა თუ პირუტყვი ან ფრინველი. თუ შესხურებისას დარღვევა მოხდება, სასწრაფოდ უნდა მოახდინონ რეაგირება და გვაცნობონ. ამაზეც გაფრთხილებულია ყველა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ვიმეორებ, თუ დაცული იქნება ის ნორმები, რაც ვთქვი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, საშიშროება არ არსებობს!
ერთსაც დავამატებ _ კარგია, რომ ინსტრუქციას უკვე კითხულობს ხალხი. ადრე ეს არ ხდებოდა. ნუ დავიზარებთ, ნუ ვიტყვით უარს შეწამვლაზე, თორემ შესაძლებელია, ამ საშიშმა მავნებელმა სრულიად გაანადგუროს ჩვენი ფლორა, _ თქვა შეწირულმა.