საჯარო სკოლებში საატესტატო გამოცდები დაიწყო და ბუნებრივია, დიდია მღელვარება. იშვიათი შედეგი აჩვენეს პირველივე დღეს, გეოგრაფიის გამოცდაზე, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა.
ექვსმა მოსწავლემ: მარი ყაზაიშვილმა, მარიამ სამსონიამ, ერეკლე სამსონიამ, ნიკოლოზ შაფაქიძემ, ნანო კოროშინაძემ და ზურაბ ვაშალომიძემ გეოგრაფიის საგანში უმაღლესი შეფასება _ ათი ქულა დაიმსახურეს!
ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში მეთერთმეტე კლასელთა სამი ჯგუფია. მათ შორის ხუთი მოსწავლე, ვინც ათიანი მიიღო, მეთერთმეტე -პირველის ჯგუფში ირიცხება. ზურაბ ვაშალომიძე კი, მეთერთმეტე _ მესამე ჯგუფის მოსწავლეა.
_ ეს არის იშვიათი შედეგი, რასაც გამონათება ჰქვია და შესაძლოა, მთელ საქართველოშიც ნაკლებად იყოს. ამაყი ვარ, რომ სკოლას ჰყავს ასეთი მოსწავლეები, _ უთხრა „გურია ნიუსს“ მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ღლონტმა.