მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც აღინიშნება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს მათი რაოდენობა შემცირებულია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 947 თავშესაფრის მაძიებელი დაფიქსირდა, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსებით 1 513 პირი სარგებლობდა, _ ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ომბუდსმენი ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას ეხმაურება.
20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა, რომელიც 2000 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის N55/76 რეზოლუციის მიღების დღიდან აღინიშნება.
„ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის ზოგადი გაუარესება პირდაპირ აისახება ლტოლვილთა რაოდენობის მატებაზე. მსოფლიოში დაახლოებით 65 მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია, მათ შორის – 20 მილიონზე მეტი ლტოლვილი, რომლებიც იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უცხო ქვეყნებში. თავშესაფრის უფლება ადამიანის უფლებათა სამართლით გარანტირებული უფლებაა. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით.
მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც აღინიშნება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს მათი რაოდენობა შემცირებულია. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში 947 თავშესაფრის მაძიებელი დაფიქსირდა, ხოლო ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსებით 1 513 პირი სარგებლობდა.
ლტოლვილთა დაცვა სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტია. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში სპეციალური თავია მიძღვნილი ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა უფლებრივ მდგომარეობზე. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებზე, რომლებიც იკვეთება სახალხო დამცველის საქმიანობის დროს აღნიშნულ პირთა უფლებების მონიტორინგისას. აუცილებელია დაცული იყოს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით აღიარებული უფლებები.
საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნულ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვა გარანტირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.