18 ივნისს თბილისში გაიმართა სუპერ ლიგის ტურნირი 16-17 წლის კარატისტთა შორის, რომელიც ერთ-ერთი ეტაპია ამ ასაკობრივ კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების კანდიდატთა შესარჩევად.
საგულისხმოა, რომ შეჯიბრი აბსოლუტურ წონაში შედგა და აქ გამოსვლის პატივი ლანჩხუთიდან მხოლოდ ერთ კარატისტს, გუგა ივანაშვილს ერგო, რომელიც 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ამ ასაკში ქვეყნის უპირველესი გუნდის წევრობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია.
როგორც გურიის რეგიონის კარატეს ფედერაციის პრეზიდენტმა, მერაბ თურქიამ გვითხრა, გუგა ივანაშვილმა არც ამჯერზე შეირცხვინა თავი და მართლაც ურთულეს კონკურენტუნარიან გარემოში, წარმატებით იბრძოლა და აბსოლუტური წონის მესამეადგილოსანი გახდა.
გუგამ სულ ხუთი ორთაბრძოლა გამართა _ მათ შორის ერთში მარცხი იწვნია, ამ ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, შოთა აბუაშვილთან, რომელიც უფრო მძიმე, 65 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ლიდერად ითვლება.
სხვათა შორის აბუაშვილმა რევანში აიღო რამდენიმე ხნის წინ ივანაშვილთან მარცხის გამო.
გუგა ამ წარუმატებლობამ ვერ შეაჩერა და სანუგეშო ეტაპზე გადასულმა ყველა ორთაბრძოლა მოიგო და მესამე ადგილი ღირსეულად მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მან უშუალოდ თავისი წონის ორივე ძირითადი კონკურენტი _ დიმა კუჩერენკო და ნიკიტა ბელიავსკი, გზიდან ჩამოიცილა და მათი ძლევით წონის უპირველესი ლიდერიც შეიქნა.
თუმცა, ოქტომბერში, ესპანეთის ქალაქ ტენერიფეში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე, ივანაშვილს ნაკრების წევრობა ჯერ გარანტირებული მაინც არ აქვს და მალე თავისი წონის კონკურენტებთან სპარინგ – შეხვედრებში გამოჩნდება ვინ იქნება ნაკრების წევრი 60 კგ.მდე წონით კატეგორიაში.