არ ხდება მიმღებ ოჯახში აღსაზრდელების გონივრულად განთავსება (მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით) და არ ხორციელდება სათანადო ზედამხედველობა მათ მდგომარეობაზე, რაც საფრთხის წინაშე აყენებს აღსაზრდელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებას და უსაფრთხოებას, _ ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობას ასახავს და საზოგადოებას დღეს წარედგინა.
ანგარიშის ქვეთავში – სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, აღნიშნულია, რომ 2016 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში ფუნქციონირებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვის ორი დაწესებულება – სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალები: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი და კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი, სადაც 2016 წელს ირიცხებოდა 86 ბენეფიციარი.
„მისასალმებელია, რომ 2016 წლის 18 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის – მზრუნველობამოკლებული, მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ბავშვებისთვის, ალტერნატიული, მცირე ზომის მომსახურებების შექმნას.
მიმდინარე პროცესზე დაკვირვებით ნათელი ხდება, რომ საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა და პროცესის დაჩქარება, რათა სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში განახორციელოს ბენეფიციარების ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ხარისხიანი ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლის სერვისის შეთავაზება და სხვა).
მიზერულია ალტერნატიული ზრუნვის სერვისების რაოდენობა, რაც განაპირობებს შშმ ბავშვების მიტოვების რისკს და თავის მხრივ აფერხებს დეინსტუციონალიზაციის პროცესს. 2016 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით, მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურების ქვეპროგრამაში ჩართულ ბავშვთა რაოდენობა შეადგენდა 10 ბენეფიციარს. ამის პარალელურად კი მაღალრიცხოვნებით გამოირჩევა მომლოდინეთა მაჩვენებელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არაერთი ხარვეზი დაფიქსირდა მინდობით აღზრდისა და რეინტეგრაციის ქვეპროგრამების მონიტორინგის პროცესში. გამოიკვეთა ზემოაღნიშნულ სერვისებში განთავსებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობზე სახელმწიფოს მიერ რეგულარული ზედამხედველობის განხორციელების საჭიროება“, _ ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში განხილულია კონკრეტული შემთხვევა, სადაც სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2016 წელს აპარატი სწავლობდა საქმეს, რომელიც ეხებოდა 5 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის (დაუნის სინდრომის მქონე) ლ.ბ–ს საჭიროებებს.
„კერძოდ, მისი მდგომარეობა მინდობით აღზრდაში ყოფნის პერიოდში უკიდურესად დამძიმდა და საჭირო გახდა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, 2009 წლიდან 2016 წლამდე ლ.ბ–ს მიმღებ ოჯახში იმყოფებოდა 16 არასრულწლოვანი.
მათ შორის 6 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, ხოლო დანარჩენი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებით. ამჟამად, ოჯახში განთავსებულია 5 არასრულწლოვანი, მათ შორის 3 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. ლ.ბ. 2011 წლის 27 ოქტომბრიდან იყო განთავსებული მინდობით აღზრდაში.
სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა – მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო დაიხურა მინდობით აღზრდის საქმე და იგი სტაციონარული მკურნალობის შემდეგ ჩაირიცხა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში. აღნიშნულ დაწესებულებაში მას გაეწია სპეციალისტების მომსახურება.
ამჟამად იგი ჩართულია ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში. ბავშვის უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, გაუმართლებლად უნდა ჩაითვალოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მიერ იმ საკითხზე აპელირება, რომ ლ.ბ–ს მინდობით აღზრდაში ყოფნის პერიოდში, 2011–2016 წლებში, ხორციელდებოდა სათანადო მონიტორინგი მის მდგომარეობაზე, მაშინ, როდესაც იგი მინდობით აღზრდისა და ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის გარდა არ ყოფილა ჩართული არც ერთ სხვა სერვისში. გარდა ამისა, 2013 წლის დეკემბრის თვის შემდგომ მას აღარ მიუღია ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. აღნიშნული შემთხვევა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ არ ხდება მიმღებ ოჯახში აღსაზრდელების გონივრულად განთავსება (მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით) და არ ხორციელდება სათანადო ზედამხედველობა მათ მდგომარეობაზე, რაც საფრთხის წინაშე აყენებს აღსაზრდელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებას და უსაფრთხოებას“, _ აღნიშნულია ანგარიშში.