“დღეს რასაც ვხედავთ პროცესს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ნაწილის, დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული. უფრო მეტის, უსამართლო. ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო მათ კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ თუ რამხელა მუშაობის შედეგია ყველაფერი ეს და კარგად შეხედონ იმ პროგრესს რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით და ხარისხის ზრდის კუთხით.
მინდა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით”, _ აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი და კონსტიტუვიური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები გახდა შეტანილი და სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი“.
„ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში. სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის საყოველთაო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, სადაც ცვლილებები დემოკრატიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის.
„პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას. მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები.
აღნიშნული ცვლილებებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე. შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით. იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო არჩევანი.
იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები. შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი, მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში კი, ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.