ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალი უფროსის, ლევან გამყრელიძის ოჯახის საკუთრებაში ორი მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი და აგარაკია. ამის შესახებ გამყრელიძის ქონებრივ დეკარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, ლევან გამყრელიძის 100,00% საკუთრებაშია, 600,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 89,53 კვ.მ-ის ფართობის აგარაკი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტორაანთკარში, რომელიც მას 2016 წელს 46000,00-დოლარად შეუძენია.
ხოლო მის მეუღლეს, რუსუდან ხუსკივაძეს ეკუთვნის 2002 წელს ნაჩუქარი 1050,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი და 300,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი ზესტაფონში, ფიროსმანის ქუჩაზე.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გასულ წელს, ლევან გამყრელიძეს ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტიდან 69 175,00 ლარი მიუღია, ხოლო მის მეუღლეს, რუსუდან ხუსკივაძეს შპს „უნიმედი კახეთი კარაპს მედლაინიდან“, სადაც ის პერსონალის ადმინისტრირების სპეციალისტია 18525,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ლევან გამყრელიძეს საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 3000,00 დოლარი და 4033,00 ლარი ჰქონდა, ამავე სახელფასო ანგარიშზე 7000,00 ლარი; ხოლო ანაბარზე – 4200,00 ლარი ერიცხებოდა; ნაღდი ფულის სახით კი, 2000,00 ლარი ჰქონდა.
რუსუდანი ხუსკივაძეს “საქართველოს ბანკი” სახელფასო ანგარიშზე 200,00 ლარი ერიცხებოდა, ხოლო ანაბარზე _ 1360,00 ლარი.
ერეკლე გამყრელიძე (შვილი) კი, “საქართველოს ბანკის” ანაბარზე 1360,00 ლარი ჰქონდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსუდანი ხუსკივაძე კოოპერატივი „რკ ნარუჯა“-ს დირექტორი/მეპაიეა (თანპარტნიორები – თათია ხუსკივაძე, ეკატერინე ასანიძე, ელზა ბიწაძე, ინგა კუპატაძე. საწარმოო კაპიტალის ოდენობა 600 ლარი) 2016 წლის თებერვლიდან, სადაც ის 16,66%-იან წილს ფლობს, თუმცა გასულ წელს, აქედან შემოსავალი მიღებული არ აქვს.
დეკლარაციის თანახმად, ლევან გამყრელიძის სახელზე სამი სესხია. კერძოდ, 2014 წელს აღებული 3000,00-დოლარიანი სესხის (ამერიკან ექსპრესი) დასაფარად მას გასულ წელს 2700,00 დოლარი გადაუხდია. ხოლო მეორე 5000,00-ლარიანი სესხის (24.09.2014, 24.09.2014-24.09.2017) დასაფარად – 3400,00 ლარის გასავალი ჰქონია.
46000,00-დოლარიანი იპოთეკური სესხი 2016 წლის ივლისში აუღია (ვადის ამოწურვის თარიღი – 28.07.2031) და გასულ წელს საქართველოს ბანკისთვის 1800,00 დოლარი აქვს გადახდილი.
ამავე დეკლარაციაში მითითებულია, რომ ლევან გამყრელიძის შვილის ერეკლე გამყრელიძის სახელზე საქართველოს ბანკში 10000,00-ლარიანი შეგროვებადი ანაბარია გახსნილი, რისთვისაც გასულ წელს ბანკისთვის 720 ლარი აქვთ გადახდილი. ამავე ბანკში, ამავე ოდენობის თანხაზე აქვს შეგროვებადი ანაბარი ლევან გამყრელიძეს, მეორე შვილის, ქეთევან გამყრელიძის სახელზეც; ამ შემთხვევაშიც 720 ლარი აქვთ ბანკისთვის მიცემული.
ხოლო ლევან გამყრელიძს 5800,00-ლარიანი შეგროვებადი ანაბრისთვის საქართველოს ბანკისთვის 1440,00 ლარი გადაუხდია.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ლევან გამყრელიძემ გიორგი ბადაშვილი ჩაანაცვლა. ის 2017 წლის 8 ივნისს, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.
ამ პოსტზე დანიშვნამდე, 2015 – 2017 წლებში, ლევან გამყრელიძეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისპოსტი ეკავა. 2014 – 2015 წლებში იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013 – 2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს განყოფილების უფროსი, 2011 – 2013 წლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთი რაჭა – ლეჩხუმის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2007 – 2011 წლებში მუშაობდა საგამოძიებო სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს გამომძიებლად. 2004 – 2006 წლებში იყო ფინანსური პოლიციის გამომძიებელი.
ლევან გამყრელიძე განათლებით იურისტია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.