მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო სეზონი დაწყებულია, გრიგოლეთის პლაჟი ვერც დამსვენებელთა სიმრავლით დაიკვეხნის და ვერც კომფორტით. შედარებით უკეთესი მდგომარეობა კერძო სასტუმროების მიმდებარე ტერიტორიაზეა.
როგორც თავად დამსვენებლები ამბობენ, მათ გრიგოლეთში ბუნებრივად შექმნილი მაგნიტური ველი იზიდავდა. ახლა კი მისი ქვა-ღორღით მოხრეშვით ზიანი ადგება უნიკალურ მაგნიტურ სანაპიროს, რითაც განთქმულია გრიგოლეთი.
დღესდღეობით, გრიგოლეთში არის ადგილები, სადაც ქვები ახალდაყრილია და პლაჟზე ქვიშა საერთოდ აღარაა. ალაგ-ალაგ კი, მართალია, ზღვის მიმოქცევამ ქვიშა დააბრუნა, მაგრამ ზღვაში შესვლისთანავე დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის იქ არსებული ქვები.
ა(ა)იპ „საგარეო_ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დარეჯან ბურჭულაძის შეფასებით, გრიგოლეთის პლაჟზე მდგომარეობა საკმაოდ რთულია და აქ დამსვენებელთათვის არანაირი კომფორტი არ არსებობს.
„მდგომარეობა რთულია. პლაჟი საერთოდ უვარგისია დამსვენებლებისთვის. გასულ წელს იქ დაყრილი ხრეში ახლაც არაა მისილული, როგორც ამას გვპირდებოდნენ. მათი თქმით, ზღვა მიმოქცევის დროს პლაჟს ისევ დაფარავდა ქვიშით და დამსვენებლებს კარგი პირობები შეექმნებოდათ ნამზეურის მისაღებად. როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა და გრიგოლეთის პლაჟის ნაწილი, რომელიც განთქმული იყო მაგნიტური ქვიშით, ახლა ხრეშითაა დაფარული“, _ ამბობს ტურიზმის საკითხებში ლანჩხუთელი სპეციალისტი.
ბურჭულაძის თქმით, თავის დროზე მისი სამსახურის ინიციატივით მომზადდა და საკრებულოში განსახილველად შევიდა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა გრიგოლეთში ინფრასტრუქტურის განვითარებას და იქ მუნიციპალური პლაჟის მოწყობას. თუმცა, როგორც ამბობს, ეს პროექტი დღემდე თაროზეა შემოდებული.
„წლების წინ საკრებულოში შევიტანეთ პროექტი გრიგოლეთში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მუნიციპალური პლაჟის მოწყობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაშინ ამით არავინ დაინტერესებულა და თაროზე შემოდეს. თუმცა, ცოტა მოგვიანებით თავად საკრებულოს ზოგიერთ წევრს გაუჩნდა იდეა და სურვილი, რომ გრიგოლეთისთვის მიენიჭებინათ კურორტის სტატუსი.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლეთში, არამარტო ლანჩხუთის მოსახლეობა, არამედ სხვა რეგიონიდან და ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან დასასვენებლად, კურორტის სტატუსი მას დღემდე არ აქვს, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს ქმნის“, _ ამბობს დარეჯან ბურჭულაძე, რომლის თქმითაც, უპირველესად უნდა მოხდეს ქვიშის გამოკვლევა მისი მაგნიტური შემადგენლობის დასამტკიცებლად.
„პირველი ნაბიჯი, რაც ამ კუთხით უნდა გაკეთდეს, ისაა, რომ უნდა მოხდეს ქვიშის გამოკვლევა მისი მაგნიტური შემადგენლობის დასამტკიცებლად. არ არის ეს დიდ თანხებთან დაკავშირებული, დაახლოებით, სამი ათას ლარამდეა საჭირო, თუმცა, ბიუჯეტში ამ ეტაპზე ამ თანხის მოძიება ვერ მოხერხდა.
არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც საკრებულოს სხდომაზეც გავაჟღერე. მოგეხსენებათ, გრიგოლეთში არის უნიკალური ფიჭვნარი, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია სისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებებისას. სამწუხაროდ, ამ ფიჭვნარის ძირითადი ნაწილი ათვისებული აქვს კერძო მესაკუთრეებს, რომლებიც ითხოვენ ამ ფართების საკუთრებაში დამტკიცებას. რომელიც რეალურად მათ არ ეკუთვნით და თვითნებურად აქვთ შემოღობილი ისე, რომ უბრალო დამსვენებელს პლაჟამდე მისვლის საშუალება აღარ აქვს. მართალია, ლეგალიზაციის კომისია არც ერთი მსგავსი მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ აქვს, რაც კარგი ფაქტია, მაგრამ ეს ვერ ცვლის დამსვენებლის კომფორტულობის საკითხს. ერთია, რომ ლეგალიზაციის კომისია უკანონობას არ აკეთებს და არ უკანონებს ამ ფართს, მაგრამ მეორეა, რა შედეგი აქვს მას დამსვენებელზე. ამიტომ, ვფიქრობ, შესაბამის სამსახურებს მეტი აქტიურობა მართებთ ამ კუთხით“, _ აღნიშნავს დარეჯან ბურჭულაძე.
წესით, როგორც ტურიზმის საკითხებში მთავარი სპეციალისტი ამბობს, გრიგოლეთში დასუფთავების კუთხით პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საკმარისი თანხაა საამისოდ გამოყოფილი. არადა, დამსვენებლებს პრეტენზიები ხშირად სწორედ ამ კუთხით აქვთ.
„ამ ზონის დასუფთავებისთვის 15 ათასი ლარია გამოყოფილი და ამ კუთხით პრობლემა ნამდვილად არ უნდა იყოს. მართალია მანქანა, რომელიც პლაჟს ასუფთავებს ლანჩხუთს არ აქვს, მაგრამ მეზობელი ოზურგეთში არის და მისი თხოვება შეიძლება. მთავარი კი ისაა, რომ დამსვენებლებმაც გამოიჩინონ გულისხმიერება და ნარჩენები პირდაპირ პლაჟზე არ დაყარონ“, _ აღნიშნავს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა, ზღვის სამკურნალო ტურიზმის განვითარების კუთხით და საამისოდ, გრიგოლეთს უნდა მიენიჭოს კურორტის სტატუსი.
„იმ ფონზე, როცა გურიის რეგიონში დაიწყო ტურისტული პოტენციალის კვლევა, კარგი იქნება, თუ მეტი ყურადღება მიექცევა გრიგოლეთს, ყვავილნარს, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა ზღვის სამკურნალო ტურიზმის განვითარების კუთხით. გრიგოლეთს უნდა მიენიჭოს კურორტის სტატუსი, თუმცა, მიმდინარე წელს ეს ნამდვილად ვერ მოხდება. ვფიქრობ, ახალი საკრებულო ამას შესძლებს, რითაც ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. გრიგოლეთი სტრატეგიული ადგილი მარტო ლანჩხუთის მოსახლეობისთვის არაა, პლაჟების არ ქონის გამო მეზობელი ფოთიც ისარგებლებს“, _ დასძენს ჩვენი რესპონდენტი.