თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის საკუთრებაში ბინა, მიწის ნაკვეთი და მსუბუქი ავტომობილია. ამის შესახებ ჩინჩალაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძის 100,00% საკუთრებაშია, 1997 წელს ბაბუისგან ნაჩუქარი 145,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე.
დედას, რუსუდან სამხარაძეს ეკუთვნის 2006 წელს, 43365,00-ლარად ნაყიდი 1500,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელი საგურამოში.
ხოლო მამის, თამაზ ჩინჩალაძის საკუთრებაშია 2015 წელს, 12500-დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა Hyundai ix35.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს მათი საერთო შემოსავალი 199 036 ლარი იყო.
კერძოდ, მიხეილ ჩინჩალაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან ერთი წლის განმავლობაში 115920,00 ლარი მიიღო; მისმა მეუღლემ, მარიკა მარიკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, სადაც ის მთავარი კონსულტანტია – 32233,00 ლარი, დედამ რუსუდან სამხარაძემ ს.ს.ი.პ. საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატრორის პოზიციიდან – 31250,00 ლარი, ხოლო მამამ, თამაზ ჩინჩალაძემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, სადაც ის ექსპერტ-კონსულტანტია – 19633,00 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში, 2017 წლის 30 ივნისს, მიხეილ ჩინჩალაძეს “თი–ბი–სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 7314,00 ლარი ჰქონდა, მის მეუღლეს, მარიკა მარიკაშვილს ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე – 1197,00 ლარი. გარდა ამისა, მიხეილ ჩინჩალაძეს ნაღდი ფულის სახით 10000,00 ლარი, ხოლო მარიკა მარიკაშვილს 7000,00 ლარი ჰქონდა.
დედას, რუსუდან სამხარაძეს “თი ბი სი ბანკის” ანგარიშზე 900,00 ლარი ერიცხებოდა, მამას, თამაზ ჩინჩალაძეს კი, “საქართველოს ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 400,00 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძის სახელზე 2009 წელს აღებული 100 000-დოლარიანი სესხია, რისთვისაც „რესპუბლიკა ბანკისთვის“ გასულ წელს 13494,00 დოლარი გადაუხდია.
გარდა ამისა, მიხეილ ჩინჩალაძის გასულ წელს საგურამოში მშენებარე სახლის სამშენებლო სამუშაოების ხარჯებისთვის 27000,00 ლარი გაუცია, ხოლო დედას ამავე სახლის რემონტისთვის – 17000,00 ლარი.
ამასთან, რუსუდან სამხარაძეს სამკურნალო ხარჯებისთვის 2000,00 ევრო, ხოლო მიხეილ ჩინჩალაძე სამკურნალო ხარჯებისთვის 2500,00 ევრო გაუღია.
რაც შეეხება წინა წლების შემოსავლებს, როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, 2015 წელს, მიხეილ ჩინჩალაძის შემოსავალი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან 115920 ლარი იყო; 2014 წელს – 117495.00 ლარი, 2013 წელს – 108175.00 ლარი; 2012 წელს – 114525.00 ლარი; 2011 წელს – 111303.00 ლარი, 2010 წელს – 114017.00 ლარი, 2009 წელს – 80136.00 ლარი.
ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლის 29 მაისს აირჩია.
მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 29 მაისის სხდომაზე, მოსამართლე შოთა გეწაძემ დაასახელა.
11 მაისს, მიხეილ ჩინჩალაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე უვადოდ დაინიშნა. იგი 2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ ჩინჩალაძემ ვალერი ცერცვაძე შეცვალა, რომელმაც თანამდეობა ამავე წლის 25 მაისს დატოვა.