„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ხელს შეგვიშლის ავტოკრატიის დამყარებაში და ეს ახალი პროექტი იძლევა ამის საუკეთესო საშუალებას. ეს არის ძალიან დემოკრატიული კონსტიტუცია”,_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი კონსტიტუცია, რომელსაც ბევრი ხარვეზი აქვს, ძალიან დემოკრატიული კონსტიტუციით ნაცვლდება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა.
„ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ ამბიციური განაცხადი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობის შესახებ და განვაცხადეთ, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებდით. ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვამდე მცირე ხნით ადრე გაიმართა. ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამდენიმე უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, რომლებიც ძირითადად, ქართულ თავისებურებებთანაა დაკავშირებული და ტერიტორიულ საკითხებს ეხება. ასე რომ, ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია აისახა დოკუმენტში, რომელიც უკვე ორი მოსმენითაა მიღებული”,_ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კონსტიტუციურ კანონის პროექტს მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განიხილავს.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითად არსზეც და აღნიშნა, რომ დოკუმენტის თითოეულ მუხლში დემოკრატიული სტანდარტები მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
„დოკუმენტი, სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან, კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის მექანიზმთან”, _აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, დაპირისპირების მთავარი მიზეზი პროპორციული სისტემის ამოქმედების დრო იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ვენეციის კომისიის პლენარული სესიის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობასთან დამატებითი კონსულტაციები გაიმართა, სადაც გამოიკვეთა, რომ საპარლამენტო უმცირესობა, პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედების შემთხვევაშიც კი, კონსტიტუციური კანონის პროექტისთვის მხარის დაჭერას – არ გეგმავდა.
„თავდაპირველი დოკუმენტის თანახმად, პროპორციული სისტემა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ამოქმედებულიყო და ეს დებულება აისახა ვენეციის კომისიისთვის წარდგენილ დოკუმენტში.
როგორც კი დავბრუნდით ვენეციიდან, პლენარულის სესიის შემდეგ, ჩვენ საპარლამენტო უმცირესობასთან დამატებითი კონსულტაციები გავმართეთ და პირადად შევხვდით საპარლამენტო უმცირესობების ხელმძღვანელებს. მიზანი იყო კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ კონსესუსის მიღწევა და რა თქმა უნდა, კონსულტაციების მთავარი თემა იყო საპარლამენტო არჩევნები.
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედებით, მივაღწევდით კონსესუსს პარლამენტში წარმოდგენილ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. თუმცა, შეხვედრის განმავლობაში, გამოიკვეთა, რომ ოპოზიცია არ გეგმავდა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას პროპორციული სისტემის 2020 წელს ამოქმედების შემთხვევაშიც კი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმცირესობას, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, დამატებითი ულტიმატუმები ჰქონდა.
„ერთ-ერთი უკავშირდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებს. საპარლამენტო უმცირესობა ამბობდა, რომ თუ მოხდებოდა გადასვლა არაპირდაპირი არჩევის წესზე, მაშინ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ. ეს ერთგვარი ულტიმატუმი იყო. მეორე საკითხი უკავშირდებოდა გადასახადებს. კონსტიტუციაში ჩვენ გვაქვს სპეციალური დებულება რეფერენდუმის შესახებ, რომელიც საჭირო ხდება გადასახადების დაწესების ან გაზრდის შემთხვევაში. მესამე კი მიწის საკითხს უკავშირდებოდა. ჩვენ კონსტიტუციაში გვაქვს დებულება, რომლის თანახმადაც იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის ნაკვეთის მიყიდვა. ეს იყო სწორედ ის 3 ულტიმატუმი და საპარლამენტო უმცირესობამ განაცხადა, რომ ისინი არ დაუჭერდნენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით 2020 წლიდანაც კი”,_ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველ გუნდს გამოსავალი უნდა მოეძებნა, რადგან შეუძლებელი იყო უმრავლესობაში 113 ხმის მოპოვება 2020 წელს პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასასვლელად.
„ბოლოს, ჩვენ ორი შანსი დაგვრჩა: ერთი – უარი გვეთქვა საერთოდ საკონსტიტუციო ცვლილებებზე და მეორე – შეგვეთავაზებინა ცვლილებების შეტანის სხვანაირი მიდგომა, რომელიც იყო პროპორციული სისტემის მიღების 2 ეტაპიანი პროცესი. ეს პროცესი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე არსებული შერეული სისტემის შენარჩუნებას, ხოლო პროპორციული სისტემის 2024 წელს ამოქმედებას გულისხმობს.
ეს აუცილებელი ცვლილებები შევიტანეთ კანონპროექტში პოლიტიკური სიტუაციისა და საპარლამენტო უმცირესობასთან შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობის გათვალისწინებით. ეს იყო პოლიტიკური საკითხი, რომელიც არის პროცესის ნაწილი. და ბოლოს ჩვენ შევძელით კონსენსუსის მიღწევა საპარლამენტო უმრავლესობაში 2 ეტაპიან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებზე და სადაც გვაქვს რამდენიმე შესწორება, რომლის მიხედვითაც დადგინდება 3%-იანი ბარიერი მომავალი არჩევნებისთვის, რაც შეცვლის 5%-იან ბარიერს და რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი პოლიტიკური პარტია შეძლებს პარლამენტში შესვლას მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ეს ცვლილებაც ამოქმედდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე”,_ განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სპეკულაციები მოჰყვა, პრეზიდენტის სამომავლო როლი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არსებულ სტატუსს ინარჩუნებს და მისი კომპეტენციების ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შედის. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, ყველანაირ სპეკულაციას საფუძველი გამოეცალა.
„პოლიტიკურმა პარტიებმა და თვითონ პრეზიდენტმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს ცვლილება მიმართული იყო პერსონალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ. ჩვენ თავიდან ავიცილეთ ყველა სახის სპეკულაცია, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შესთავაზა პარლამენტს. პირველ რიგში, საპრეზიდენტო არჩევნები – არაპირდაპირი არჩევნები არ ამოქმედდება მომდევნო არჩევნებზე და პრეზიდენტის არჩევა მოხდება პირდაპირი არჩევნების გზით, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქმედ პრეზიდენტს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე და ამით ჩვენ სპეკულაციებისთვის საბაბი არ დავუტოვეთ არავის. პრეზიდენტი ინარჩუნებს არსებულ სტატუსს და ჩვენ არ გვაქვს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება პრეზიდენტის კომპეტენციების ნაწილში. ანუ იყო სპეკულაციები, რომ ეს იყო რაღაც პირდაპირი შეტევა პერსონალურად პრეზიდენტის მიმართ და ვითომ ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების ერთადერთი მიზანი და ჩვენ ამ სპეკულაციებს საფუძველი გამოვაცალეთ პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტით ავტოკრატიული მმართველობის დამყარების საშიშროება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხება.
„წინა კონსტიტუციებით უკვე ორჯერ მოხდა ისე, რომ ორმა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ბოროტად გამოიყენა ეს ძალაუფლება. მათ შეძლეს დაემყარებინათ ნახევრად ავტორიტარული ან სრულიად ავტორიტარული რეჟიმები 90-იან წლებში და მოგვიანებითაც. ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ხელს შეგვიშლის ავტოკრატიის დამყარებაში და ეს ახლი პროექტი იძლევა ამის საუკეთესო საშუალებას. ეს არის ძალიან დემოკრატიული კონსტიტუცია. ის აყალიბებს პროპორციული არჩევნებით არჩეულ საპარლამენტო სისტემას, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს ვინმეს მიერ ავტოკრატიის შექმნის მცდელობას და საქართველოს გარანტირებული ექნება გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იყო კონსტიტუციური რეფორმის მთავარი მიზანი”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ევროპარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ვენეციის კომისიის მდივანმა.
„ვფიქრობთ, რომ ყველა, არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც, უნდა შეეცადოს იყოს კონსტრუქციული და შეიტანოს საკუთარი წვლილი კომპრომისის მიღწევაში”,– განაცხადა თომას მარკერტმა.
ვენეციის კომისიის მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ძალისხმევა კონსესუსის მისაღწევად – წარმატებული იქნება.
„ვიცით, რომ ახლა დამატებითი ძალისხმევა ხორციელდება კონსესუსის მისაღწევად საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა წარმატებული იქნება”,- განაცხადა თომას მარკერტმა.